„ოპოზიციური ხმების დაპატიმრება წარმოადგენს თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომელიც დღითიდღე იშლება“, – წერს მარტა კოსი პლატფორმა X-ზე.
„მე საქართველოს თავისუფალი და პლურალისტური საზოგადოებისთვის მებრძოლთა გვერდით ვდგავარ და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი“, – აცხადებს ის.
ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას დღეს გამოეხმაურა ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერიც. მან ამას „ავტორიტარულ ტაქტიკა“ უწოდა.
ოპოზიციონერი ლიდერები „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ან ამის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის არიან დაპატიმრებულები.
· გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; ის დღეს, 24 ივნისს დააპატიმრეს.
· მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს – რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი გუშინ, 23 ივნისს დააპატიმრეს.
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს – შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
· ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.
ამავე მუხლით დაკავებულნი არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.
ექსპრემიერი გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ.
16 ივნისს ცნობილი გახდა, ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე. ის 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყანაში არ იმყოფება. მისი პარტიის ცნობით, ის თანახმა იყო დისტანციურად ჩართვაზე, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
მეორედ არიან დაბარებულები ნიკა გვარამია და მამუკა ხაზარაძე – დისტანციურად, საპატიმროდან ჩართვით. სავარაუდოდ, ისინი არ ამჯერად გამოცხადდებიან.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თანახმად, შესაძლოა, ხაზარაძისა და გვარამიას წინააღმდეგ კვლავ მიმართონ პროკურატურას.
ფორუმი
