„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე დააკავეს. მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, სამართალდამცველები პარტიის ოფისში მივიდნენ და პოლიტიკოსს ხელბორკილები სწორედ პარტიის ოფისში დაადეს.
ვაშაძის დაკავების პარალელურად, პარტიის ოფისში მყოფთაგან ისმოდა შეძახილები: „ცეცხლი ოლიგარქიას!“, „არ გრცხვენიათ?“ ისინი ამ ფრაზებით სამართალდამცველებს მიმართავდნენ. ადგილზე ასევე, იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია.