მინდა მივმართო საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს: ჩვენ, ჩვენი დღევანდელი ნაბიჯებით ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ, მაგრამ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, გვჭირდება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რაც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს გახდეს ღირსეული ღირსეულთა შორის.
„მინდა მივმართო საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს. მეგობრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს გახდეს ღირსეული ღირსეულთა შორის. იყოს თქვენს გვერდით, იყოს ევროკავშირის წევრი, ვიყოთ ცივილიზებული საზოგადოების ნაწილი. ჩვენ, ჩვენი დღევანდელი ნაბიჯებით ვაჩვენებთ, რომ მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ, მაგრამ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, გვჭირდება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რაც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე იქნება. ეს მშიშარა მხდალი რეჟიმი აუცილებლად ჩამოშორდება ქვეყნის მართავს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მე ვარ ერთი იმ ასიათასობით ქართველს შორის, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველოს მომავლისთვის. პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მადლობა, ვინც რუსთაველის გამზირზეა, მოვუწოდებ სხვებსაც შეუერთდით. ხან მასშტაბური იქნება, ხან მცირე, მაგრამ ვერავინ გაგვტეხს. სიმართლე ჩვენთან არის, სამშობლო გვიხმობს. რეჟიმი განწირულია მარცხისთვის, ეს მარცხი ჩვენ ყველამ ჩვენი ბრძოლით უნდა მოვიტანოთ.
პატიმრობა დროებითია, სამშობლო ადამიანობა, ღირსება, ოჯახი არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს. წლების განმავლობაში ფსიქოლოგიურად, ყველაფრით მზად ვიყავი ამისთვის. კარგად ვიცით, რა ბრძოლაში ვართ, ვებრძვით ავტორიტარულ რეჟიმს“, – აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია.
ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
