თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას ნიკა გვარამია არ ესწრება. პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, მან უარი განაცხადა სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას ორი მოწმე მისცემს.
სხდომაზე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, რომ წარმოდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ქეთევან ერემაძის „სასამართლო მეგობრის მოსაზრება“. როგორც მოსამართლემ განმარტა, მნიშვნელოვანია ყველა გარემოება თუ ფაქტი, რაც საქმესთან შემხებლობაშია, შესაბამისად, მან „სასამართლო მეგობრის მოსაზრება“ საქმეს დაურთო.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.
