ვალერი ზალუჟნი – რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისას 150-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ და დღეს დილით საჰაერო თავდასხმის 158 საშუალება გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, მ Telegram-ზე იუწყება.
მისი თქმით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27 დრონი და 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.
„წინასწარი შედეგების მიხედვით, მტერმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 158 საჰაერო თავდასხმის საშუალება: სხვადასხვა ტიპის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. საჰაერო ძალებმა და საშუალებებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, Shahed-136/131 ტიპის 27 დრონი და Х-101/Х-555/Х-55 ტიპის 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს“, – აცხადებს ზალუჟნი.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ და დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 76 დაშავდა.