ირანმა ჩვენი მხრიდან მათი ბირთვული ობიექტების განადგურებას ძალიან სუსტად უპასუხა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
ტრამპი მადლობას უხდის ირანს წინასწარი გაფრთხილებისთვის. მისი თქმით, არავინ დაშავებულა.
„ირანის ოფიციალური პასუხი ჩვენი მხრიდან მისი ბირთვული ობიექტების განადგურებაზე ძალიან სუსტი იყო, რასაც ჩვენ ველოდით და ძალიან ეფექტურად გავუმკლავდით. 14 რაკეტა გაისროლეს – 13 ჩამოვაგდეთ, ხოლო 1 „გავათავისუფლეთ“, რადგან უსაფრთხო მიმართულებით მიფრინავდა. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა და თითქმის არანაირი ზიანი არ მოუყენებიათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ ეს თავიანთი „სისტემიდან“ ამოიღეს და იმედია, სიძულვილი აღარ იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო ირანს წინასწარ გაფრთხილებისთვის, რამაც უზრუნველყო ის, რომ არავინ დაიღუპა ან დაშავდა. შესაძლოა, ირანმა ახლა რეგიონში მშვიდობისა და ჰარმონიის გზაზე სვლა შეძლოს და მე ენთუზიაზმით მოვუწოდებ ისრაელს, რომ იგივე გააკეთოს. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“, – წერს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპის თქმით, ირანის იერიშის შედეგად კატარის მხრიდანაც არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
„მინდა მადლობა გადავუხადო კატარის საპატიო ამირას ყველაფრისთვის, რასაც ის რეგიონში მშვიდობის მისაღწევად აკეთებს. კატარში ამერიკულ ბაზაზე დღევანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ გარდა იმისა, რომ არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა ან დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, არცერთი კატარელი არ დაღუპულა ან დაშავებულა. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!
გილოცავ მსოფლიო, მშვიდობის დროა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
