მიუხედავად ნებისმიერი გადაწყვეტილებისა, ძალიან მკაფიოდ ვუგზავნი ამ გზავნილს ბიძინა ივანიშვილს – არ არსებობს ძალა, რომ მე და ჩემს გუნდს შენი შეგვეშინდეს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „არალეგიტიმური კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური“.
„როგორც ყოველთვის, ძალიან მკაფიო გვინდა ვიყოთ იმიტომ, რომ ჩვენს ამომრჩეველთან, საქართველოსთან და მის მომავალთან პასუხისმგებლობა გვაქვს. ბადრი და მე ვიყავით პირველები, რომლებმაც უარი განვაცხადეთ მივსულიყავით იმ არაკონსტიტუციურად, არალეგიტიმურად შექმნილ პარლამენტში და მას მერე დაიწყო პოლიტიკური დევნა. ეს იყო პოლიტიკური განაცხადი. შესაბამისად, ჩვენ მასზე უარი განვაცხადეთ. იცით, რომ მეორედ დამიბარეს და ამ დაბარებაზეც ძალიან მკაფიო პასუხი მყისიერად მიიღეს. ჩვენ არ ვაპირებთ მეორედ, მესამედ თუ მეათეჯერ, არალეგიტიმური კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი მხრიდან მას არასდროს ექნება აღიარება. მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა ერთი რამ, არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს შემართებას, ჩვენს სულისკვეთებას და ჩვენს ბრძოლას ამ ტემპს მოაკლებინებს ან რაღაც კომპრომისზე წაიყვანს. დღეს ჩვენ შეიძლება ვნახოთ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილება, ან საპატიმრო, მაგრამ მიუხედავად ნებისმიერი გადაწყვეტილებისა, ძალიან მკაფიოდ ვუგზავნი ამ გზავნილს ბიძინა ივანიშვილს – არ არსებობს ძალა, რომ მე და ჩემს გუნდს შენი შეგვეშინდეს, ეს მე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ. ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, თავისუფლებისთვის, თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის და არა ისეთ ქვეყნებთან, რომლის ლიდერების პანაშვიდზე ე.წ. პრემიერ-მინისტრს აგზავნიან. ეს არის ბრძოლა, ეს არის ჩვენს შორის განსხვავება. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ პოლიტიკაში ვართ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ის ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.
„5 წელი დაგვდევდი, რომ 12-წლიანი მუხლი მოგესაჯა. არ დაგვიტოვებია ქვეყანა და გეუბნები, არც ახლა ვაპირებთ ქვეყნის დატოვებას. ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენი გუნდი მზადაა ბრძოლისთვის და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ჩემი სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს, ჩვენს მეგობარს, თანამებრძოლს. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი კარგი მომავალი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა ოკუპაციისგან და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ!“, – განაცხადა ხაზარაძემ.
