„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელია საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, განაჩენი 27 ივნისს, 13:30 საათზე გამოცხადდება.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.
„დაცვის მხარემ უარი განაცხადა სამართლებრივ ფარსში მონაწილეობის მიღებაზე, ამიტომ დღეს ჩვენ არ გამოვკითხეთ მოწმეები და მტკიცებულებები არ გამოვიკვლიეთ. ვინაიდან აზრი არ აქვს. ნიკა მელიასთან მიმართებით ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული. 27 ივლისს, 13:30 საათზე გამოცხადდება განაჩენი, რომელიც მოსამართლემ წინასწარ იცის. ნიკა მელია დღეს არის პოლიტპატიმარი, მასთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და პარასკევს რას გამოაცხადებს მოსამართლე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მის საქმეში სამართლებრივი არგუმენტის მიღმა არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნება და როგორიც იქნება პოლიტიკური ნება, ისეთი იქნება განაჩენიც.
მოლოდინი მაქვს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ საპატიმრო გადაწყვეტილებას მიიღებენ. სულ რომ გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადოს მოსამართლემ, მას სხვა საქმეზე დამზღვევი პატიმრობა აქვს შეფარდებული. არც პროკურორსა და არც მოსამართლეს არ დაუმალავთ, რომ მათ ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა არ სურთ. აქ ყველაფერს ერთი ხელი და პოლიტიკური ნება მართავს“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
