ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, „ომის წამქეზებელი“ თეთრი სახლი „სრულად იქნება პასუხისმგებელი“ მისი ქმედებების შედეგებზე.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა უმკაცრესად გმობს შეერთებული შტატების სასტიკ სამხედრო აგრესიას ირანის მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღმაშფოთებელი, მძიმე და უპრეცედენტო დარღვევა. ვაშინგტონის ომის წამქეზებელი და უკანონო ადმინისტრაცია სრულად არის პასუხისმგებელი თავისი აგრესიის აქტის სახიფათო შედეგებსა და შორსმიმავალ გავლენაზე“, – განაცხადა აბას არაღჩიმ კვირას სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ირანი აგრძელებს თავის დაცვას ყველა საჭირო საშუალებით არა მხოლოდ აშშ-ის სამხედრო აგრესიისგან, არამედ „ისრაელის რეჟიმის უგუნური და უკანონო ქმედებებისგანაც“.
არაღჩის თქმით, არ იცის, რამდენად დარჩა დიპლომატიისთვის ადგილი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა.
„მათ ძალიან დიდი წითელი ხაზი გადაკვეთეს ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ლეგიტიმური თავდაცვის უფლების საფუძველზე“, – აღნიშნა არაღჩიმ.
მისი თქმით, დაუკავშირდა რეგიონის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრს და „თითქმის ყველა მათგანი ძალიან შეშფოთებულია და დაინტერესებულია ისრაელის აგრესიის შეჩერებაში როლის შესრულებით“.
