საქართველოში ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე მათე დევიძის, სხვა მრავალი დაკავებული აქტივისტისა და პოლიტიკოსის შესახებ უკვე ვისაუბრე. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში, 21 წლის ახალგაზრდა, ეს უბრალოდ ბავშვია. თავად მე 20 წლის ბიჭის მამა ვარ და ნამდვილად გულდასაწყვეტია იმის ნახვა, რომ ახალგაზრდა ადამიანს, სტუდენტს, ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემები მართლმსაჯულების სისტემასთან, პოლიციელების წინააღმდეგ ჯოხის ქნევისთვის 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, საქართველოში ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ. განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ერთგული მოქალაქეები არიან და ძალიან ვწუხვარ, რომ საუკეთესო ახალგაზრდა და ჭკვიანი ადამიანები სწავლის, მუშაობისა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
