ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ჩვენგან ერთ-ერთი იყოს. ჩვენ, 27 წევრმა სახელმწიფომ, ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ საქართველო უფლებამოსილია იყოს ჩვენგან ერთ-ერთი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ბათუმში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროკავშირს სურს, საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყოს, ქვეყანა, სადაც დაცული იქნება კანონის უზენაესობა ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები, შეკრების თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება.
„მე აქ ვარ, რათა წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. როგორც ევროკავშირს, ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა დაცულია, ქვეყანა, სადაც ადამიანებს აქვთ სიტყვის თავისუფლება, ქვეყანა, სადაც ადამიანებს აქვთ შეკრების თავისუფლება და ქვეყანა, რომელიც უახლოვდება ევროკავშირს, რათა გახდეს გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი. ამისათვის, საქართველოში უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ძირითადი თავისუფლებები, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩის თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ყოველთვის მოწინავე პოზიციას იკავებდა, რაც 2 ძირითად ფაქტორზე იყო დაფუძნებული.
„საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ყოველთვის ლიდერობდა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხში და ვფიქრობ, რომ ეს ორი ძირითადი ელემენტის დამსახურება იყო. ძალიან პროფესიონალი საჯარო მოხელეები, ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ერთგულები არიან საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ განსაკუთრებით დაუცველი თემების რეგიონებში, რათა საქართველო უკეთეს საცხოვრებელ ადგილად აქციონ. რასაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავთ, არის საშინელი ზეწოლა, სრული ფრონტალური თავდასხმა საჯარო საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.
პაველ ჰერჩინსკიმ ასევე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში მოვლენები დრამატულად ვითარდება, ამოქმედა სულ უფრო მეტი დრაკონული კანონი, შეინიშნება აშკარა დემოკრატიული უკან დახევა.
„ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან რეორგანიზაციების გამო. ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტი დრაკონული კანონი მოქმედებს, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს შემთხვევაში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს ძალიან აშკარა დემოკრატიული უკან დახევა. სულ უფრო მეტი საკანონმდებლო აქტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს, ჩვენს საერთო ღირებულებებს. ჩვენ ვხედავთ აქტივისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების შევიწროებას, დაშინებას, დაპატიმრებას. ჩვენ ვხედავთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილე ახალგაზრდებსაც კი ოთხ ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ეს აბსოლუტურად არაპროპორციულია. ჩვენ ვხედავთ, რომ კონტროლისა და ბალანსის სისტემა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველა ეს ნეგატიური ტენდენცია შეიცვლება, ღრმა პოლიტიკური კრიზისი დაძლეული იქნება და საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდება“,- განაცხადა მან.
მისივე თქმით, “სამწუხაროდ, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველო ევროკავშირის წევრობას შორდება”.
„ჩვენი, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სურვილია, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, ყველანი ველოდებით საქართველოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოხდეს. ეს კრიტერიუმები ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს ძალიან სერიოზულ რეფორმებს მოითხოვს და სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ის ევროკავშირის წევრობას კი არ უახლოვდება, არამედ შორდება. ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ მათ“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
