ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ჟენევაში ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება კიდევ ერთხელ განიხილოს მას შემდეგ, რაც აგრესია შეჩერდება და აგრესორი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულებისთვის,” – განაცხადა არაღჩიმ და აღნიშნა, რომ ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები “მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება”. მას არ დაუკონკრეტებია ისრაელმა როგორ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ, ამავდროულად, შემდგომი მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოთქვა.
“მხარს ვუჭერთ E3-თან [საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი] და ევროკავშირთან საუბრების გაგრძელებას და უახლოეს მომავალში შეხვედრისთვის ჩვენი მზაობა გამოვხატეთ,” – განაცხადა არაღჩიმ.
