ბადრი ჯაფარიძე – ჩვენზე ზეწოლა ბრძოლას არ შეაჩერებს – თუკი იქნება ბრუტალური ზემოქმედება ან ბრუტალური გადაწყვეტილება ლიდერების მიმართ, პარტიას ვერ გატეხენ

ნუ ვიჩქარებთ, რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, მოლოდინებზე საუბარი არ მიყვარს. ორი დღით ადრე მოლოდინებზე საუბარი არის არაფრის მომტანი, ჩვენ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” ორშაბათს ჩანიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მისი და მამუკა ხაზარაძის საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
ჯაფარიძის თქმით, მის პარტიაზე ნებისმიერი სახის ზეწოლა ბრძოლას ვერ შეაჩერებს და ეს მის გუნდს მხოლოდ გააძლიერებს.
„ჩვენმა ადვოკატებმა დღეს საბოლოო სიტყვა თქვეს და იქ გამოჩნდა კარგად, რომ აბსოლუტურად შეთითხნილია ეს საქმე, არის უამრავი კანონდარღვევა მათი მხრიდან, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელ სასამართლოს პირობებში არის გამამართლებელი განაჩენი, იმიტომ რომ დარღვეულია ყველაფერი, რისი დარღვევაც შეიძლებოდა.
ჩვენზე ზეწოლა, ჩვენზე ნებისმიერი ძალადობა, მათ შორის, ვითომ კანონის გამოყენებით, ბრძოლას არ შეაჩერებს. ჩვენი პარტია გააგრძელებს ბრძოლას ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ქვეყნის თავისუფლებისთვის. პარტია უფრო მეტად გაძლიერდება. თუკი იქნება ბრუტალური ზემოქმედება ან ბრუტალური გადაწყვეტილება ლიდერების მიმართ, ასე პარტიას ვერ გატეხენ”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ამასთან, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვაზე, არის თუ არა „ლელო – ძლიერი საქართველო” მზად, გიორგი გახარიას პარტიასთან ერთად იმსჯელოს ნეიტრალურ კანდიდატზე, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ისინი მზად არიან, არა მხოლოდ პოლიტიკურ აქტორებთან, არამედ პროტესტის მონაწილეებთან გააერთიანონ ძალისხმევა და საერთო კანდიდატზე შეჯერდნენ.
„მე ვფიქრობ, მ ძალიან მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, რომ ჩვენ მანდატებისთვის ბრძოლაზე კი არ ვსაუბრობთ, როდესაც ბრძოლის გაჩაღებაზე ვსაუბრობთ, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველგან, სადაც შესაძლებელია, შევებრძოლოთ “ქართულ ოცნებას”, მის მცდელობას, რომ მოახდინოს ძალაუფლების კიდევ უფრო მეტი კონცენტრაცია და ამისთვის ჩვენ მზად ვართ, რომ შევთანხმდეთ საერთო კანდიდატზეც, საერთო კანდიდატებზეც, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა არა მხოლოდ პოლიტიკურ აქტორებთან, არამედ პროტესტის მონაწილეებთან, სამოქალაქო სექტორთან, საზოგადოების აქტიურ ჯგუფებთან. ასე რომ, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. რა თქმა უნდა, გახარიას პარტიაც მოიაზრება პარტნიორად ამ ძალისხმევაში, ყველა სხვა პოლიტიკური აქტორიც, ვინც იზიარებს ამ მიდგომას, რომ ჩვენთვის მთავარია, ერთიანი ძალით წინააღმდეგობა გავუწიოთ “ქართულ ოცნებას” და არ მივცეთ საშუალება, უპრობლემოდ მოახდინოს ძალაუფლების კიდევ უფრო მეტი კონცენტრაცია”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ბოიკოტი არ უხსენებია.
„(თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით) ქალბატონი სალომეს პოზიცია არის მისი პოზიცია, მას სიტყვა ბოიკოტი არ უხსენებია. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ „წინააღმდეგობის პლატფორმის” წევრი და დავეთანხმეთ იმ მოთხოვნას, რომელიც გაჟღერებული იყო ქალბატონი სალომეს მხრიდან. საუბარია იმაზე, რომ ეროვნული დანიშნულიყო მუნიციპალურ არჩევნებამდე ან მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად, ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ ამ მოთხოვნას იმიტომ რომ ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ ეროვნული, ახალი და სამართლიანი არჩევნების გზით შეიძლება განიმუხტოს. ამავდროულად, არსებობს ბრძოლის სხვა ველი – ქუჩა და მშვიდობიანი პროტესტი, საგარეო ველი, ასევე მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები, მაგრამ არცერთი მათგანი ერთმანეთს არ ანაცვლებს, ყველაფერი ერთად არის საჭირო იმისთვის, რომ შედეგი დადგეს”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.