ნათია თურნავა – ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით, ფინტექ საჭიროებებზე მორგებული გამჭვირვალე და მოქნილი მარეგულირებელი ჩარჩო შეიქმნა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას ინფორმაციით, ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით, ფინტექ საჭიროებებზე მორგებული გამჭვირვალე და მოქნილი მარეგულირებელი ჩარჩო შეიქმნა.
როგორც თურნავამ სებ-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება, რაც მისივე თქმით, პოზიტიურად აისახება როგორც საფინანსო სექტორზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
თურნავამ ხაზი გაუსვა სებ-ის მიერ მომზადებული ფინტექის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობას, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადდა.
“ეროვნული ბანკის ფინტექ განვითარების სტრატეგია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადდა და ასახავს ჩვენს ხედვას საქართველოში ფინტექ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს ფინტექ ინდუსტრიის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი კონკურენტუნარიანობა როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით,“- განაცხადა მან.
ეროვნული ბანკის მიერ გამართული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მიეძღვა, მიზნად ისახავდა კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც სტრატეგიის შემუშავების, ისე მისი პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ქალაქ თბილისის მერი , შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.