სომხეთის საგარეო მინისტრის თქმით, რუსეთი მის სუვერენიტეტში ერევა

“სომხეთის რესპუბლიკა ს პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების რიგი წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც ეხება ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანთან დაკავშირებულ ვითარებას, აფასებს როგორც ჩარევას ქვეყნის შიდა საქმეებში და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას” – როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის შეკითხვების სესიისას, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, საპასუხოდ „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატ ჰასმიკ ჰაკობიანის შეკითხვას.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ სამველ კარაპეტიანის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო და საზოგადოებრივ წრეებში გაკეთდა არაერთი მხარდამჭერი განცხადება, რომელთა ნაწილი თან ახლდა მოწოდებებს სომხეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისკენ.
არარატ მირზოიანმა თქვა, რომ 17 ივნისს რუსეთის საზოგადოებრივი ტელეარხის ეთერში, გადაცემაში „საღამო სოლოვიოვთან ერთად“, გაკეთდა მიუღებელი მოწოდებები, დამახინჯებული შეფასებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები, მათ შორის პირადი ხასიათის, რომლებიც სომხეთის ხელმძღვანელობის მიმართ იყო მიმართული.
„მალევე მსგავს შინაარსის განცხადებები გაკეთდა რუსი პოლიტიკოსების, მათ შორის სახელმწიფო დუმის და მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდანაც“, – თქვა სომეხმა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სომხეთი ამ განცხადებებს აფასებს როგორც ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საწინააღმდეგოს.
„ჩვენ, სომხეთის რესპუბლიკა ამას მივიჩნევთ არა მხოლოდ ტრადიციული სომხურ-რუსული მეგობრობის და ამ მეგობრობის განმტკიცებისთვის სამართლებრივი დოკუმენტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად, არამედ როგორც ღია ჩარევას სომხეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებში და ჩვენს სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე ხელყოფას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს რუს პარტნიორებს. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ოფიციალური ნოტა უკვე უნდა მიღებული ჰქონდეს ადრესატს“.