ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას საქართველოში. ივანიშვილის მიზანია, რომ ჩვენ ყველა გვაცხოვროს რუსული კანონებით. ეს არ მოხდება! – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მიაწვდიან.
„საინტერესო არის ის, რომ ივანიშვილმა, ამ ჯერზე, სამიზნეში ამოიღო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი 5 ქალი. ივანიშვილი ებრძვის აქტიურ ქალებს ამ ქვეყანაში, რომლებიც იცავენ საქართველოს ინტერესებს და იცავენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. ასევე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ივანიშვილს არ მივაწვდით. ივანიშვილის მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანები დაუცველები დარჩნენ უსამართლობის პირისპირ, მარტო, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა გიგაურმა.
