რეზო შატაკიშვილი: საქართველოს სიმბოლო იყო და არის ილია ჭავჭავაძე, რაც არ უნდა გულები დაგისკდეთ ზვიად გამსახურდია და თუ მაინცდამაინც …

“არაერთგან შემხვდა დვალიშვილზე რომ არის საქართველის სიმბოლო, საქართველოს ელჩი მსოფლიოში და მეტი მოეთხოვება.
ცხადია, უდანაშაულოდ ციხეში გამომწყვდეულ მათე დევიძეზე და საერთოდ დაჭერილი ბიჭებზე პოზიციის დაფიქსირება ყველა მოქალაქის ვალია, არათუ სიმბოლოების და ელჩების.
მაგრამ მე მომიტევეთ და ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით რომ ესა თუ ის სპორტსმენი საქართველოს ან სიმბოლოა, ან ელჩი.
საქართველოს ელჩები იყვნენ ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი და მათი ლეგენდარული ანსამბლი, რადგან ისინი აკეთებდნენ და აკეთებენ იმას, რასაც ვერავინ გააკეთებდა ქართველის გარდა და მთელ მსოფლიოში გაჰქონდათ და გააქვთ ქართული ცეკვა.
საქართველოს სიმბოლოს რაც შეეხება, საქართველოს სიმბოლო იყო და არის ილია ჭავჭავაძე, რაც არ უნდა გულები დაგისკდეთ ზვიად გამსახურდია და თუ მაინცდამაინც თანამედროვეობიდან, დღევანდელობიდან გნებავთ სიმბოლოები, საქართველოს სიმბოლო სწორედ მათე დევიძეა! ყველა ის ახალგაზრდა თუ ძველგაზრდაა, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდა და იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ და არა რომელიმე სპორტსმენი.
ნუ აჰკიდებთ მათ ამ ტვირთს და არც ეგ ქრონიკული გულყრები და განხიბვლები გექნებათ. სპორტი მათი კარიერაა და პრიორიტეტია.
მათეების პრიორიტეტი სამშობლოა.
აი, ამიხსნას ვინმემ მათეს უდრეკობაზე, აქციებზე ნაჩეხი ბიჭების ჭრილობებზე მეტი რანაირადაა ვიღაც სპორტსმენის მიერ მოცალეობის ჟამს ცალყბად გადმოგდებული სთორი?
გაეშვით მათ. ისინიც დაისვენებენ და თქვენც.
რატომ ანიჭებთ გინდაც სპორტსმენების და გინდაც მსახიობების პოზიციას იმაზე მეტ მნიშვნელობას, რაც აქვს და რატომ ქმნით მათგან იგივე წითელ ინტელიგენციას?
მესმის გიხარიათ, როცა ცნობილ და პატივსაცემ ადამიანს თქვენნაირი პოზიცია აქვს, მაგრამ რომ არ ჰქონდეს, შეიცვლიდით?
თავის დროზე მეც მიხაროდა რომ ლეგენდარული ვახტანგ ჭაბუკიანი, ლია ელიავა, ოთარ კობერიძე, ლატავრა ფოჩიანი, ლეილა აბაშიძე, მაია თომაძე, იზა გიგოშვილი იდგნენ სწორ მხარეს, მაგრამ რა, ეგენიც რომ შევარდნაძის მეხოტბეები ყოფილიყვნენ, ავდგებოდი და მეც შევარდნაძის და კიტოვან-სიგუების მომხრე გავხდებოდი?
ან ვინც მეორე მხარეს იდგა, არანალლებ სახელოვნები, მათ გამო შევიცვალე აზრი?
კი, გასაგებია ბევრი იცვლის აზრს მათ მიხედვით… სწორედ ეს აწყობს სპეცსამსახურებს, რუსეთს.
საზოგადოებრივი აზრი ფორმირდება ან ფართო საზოგადოების მიერ, ან მაგ ვიწრო ჯგუფების მიერ. სპეცსამსახურებსაც და ხელისუფლებებსაც აშინებთ ფართო საზოგადოება, როგორც აზრის ფორმირების აქტორი და ურჩევნიათ აზრის ფორმირება ათასამდე კაცის ხელში იყოს. კი, ამ ათასიდან ასი უკომპრომისო იქნება და მათი წინააღმდეგი, მაგრამ იმ ცხრაასს იყიდის, დააშანტაჟებს, დააშინებს და სათავისოდ ამუშავებს.
სწორედ ამიტომ არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ცნობადების აზრს და ყურადღებას რომ აღარ მივაქცევთ, აღარც ბიძინა იყიდის მათ.
თორემ დამიჯერეთ ჩვენ თუ ერთი ბუდუ გვეყოლება, იმას 20 ეგეთი ეყოლება… იმ 90-იანებშიც ჭაბუკიანი და ელიავა თუ სწორ მხარეს იდგნენ, არასწორ მხარეს იდგა მთელი ის წითელი ინტელიგენცია.
დამიჯერეთ, ნამდვილად ჯობდა არც ლია ელიავას და ვახტანგ ჭაბუკიანის სწორ მხარეს დგომას ჰქონოდა მეტი მნიშვნელობა მინიჭებული და არც იმ დანარჩენი წითლებისას. ამით არც ჭაბუკიანს დააკლდებოდა რამე და არც ლია ელიავას თუ ლატავრა ფოჩიანს. ისინი მაინც ამ ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტები იქნებოდნენ, მათი წითელი კოლეგები კი ვერ აურევდნენ ტვინს ათასებს,” – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი რეზო შატაკიშვილი.