მორჩილება როგორ შეიძლება იყოს წინააღმდეგობა?! – ყველა სტრუქტურა თავიდან ბოლომდე მორჩილებაშია ივანიშვილთან და ამ მოცემულობით, დღეს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არის პირველ რიგში, საკუთარი თავის ღალატი და იმ ადამიანების ღალატი, ვინც ამ ბრძოლის შედეგად საპყრობილეში მოხვდნენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო/ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს“ და მზადაა „ყველა კომპრომისისთვის ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით“.
ბოტკოველის თქმით, „ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიმყოფებით ერთი მაფიოზი კაცის, ერთი რუსი ოლიგარქის მიერ კონტროლირებად პროცესში და არ არსებობს პოლიტიკური პარტიის მხრიდან საკუთარი ამომრჩევლისგან მიცემული ხმის დაცვის მექანიზმი“.
„[ხაზარაძემ] მთავარი წინააღმდეგობის ფრონტი უნდა გავმართოთ თბილისშიო, ხომ?! რა ვიცი, მორჩილება როგორ შეიძლება იყოს წინააღმდეგობა?! ფაქტობრივად, ყველა სტრუქტურა, რომელიც გარანტი უნდა იყოს იმისა, რომ ადამიანის საარჩევნო ხმა იქნება გარანტირებულად დაცული, თავიდან ბოლომდე მორჩილებაშია ივანიშვილთან. ფაქტობრივად, არ არსებობს მარტო საკუთარი ხმის დაცვის მექანიზმი კი არა, არ არსებობს პოლიტიკური პარტიის მხრიდან საკუთარი ამომრჩევლისგან მიცემული ხმის დაცვის მექანიზმი. ამ პროცესში როგორ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობაზე ვილაპარაკოთ?! ძალიან მძიმეა, როცა პოლიტიკური პარტია გამოდის და ამბობს, რომ „ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ“. ნორმალურ ქვეყანაში ასე უნდა ხდებოდეს – ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იღებდეს მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ ხომ ნორმალურ გარემოში არ ვიმყოფებით დღეს? ჩვენ ვიმყოფებით თავიდან ბოლომდე ერთი მაფიოზი კაცის, ერთი რუსი ოლიგარქის მიერ კონტროლირებად პროცესში. ამ მოცემულობით, დღეს, ადგილობრივ არჩევნებში რაიმენაირად მონაწილეობა არის პირველ რიგში, საკუთარი თავის ღალატი და იმ ადამიანების ღალატი, ვინც ამ ბრძოლის შედეგად მოხვდნენ საპყრობილეში,“ – აღნიშნა ბოტკოველმა.
გარდა ამისა, მან „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პოზიციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „მცდელობა, მონაწილეობა მიიღო იმ თამაშში, რომელსაც ივანიშვილი ადგილობრივი არჩევნების სახით გვთავაზობს, არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ მოგადგება მისი დამსჯელი პროცესი“.
მისი თქმით, ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს, რათა „რუსული რეჟიმი“ დამარცხდეს. როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, „დღეს არ არის იმის თვლის დრო, ვის რამდენი მხარდამჭერი ჰყავს და ვინ იქნება პირველი, მეორე, ან მესამე“.
„რა თქმა უნდა, ჩემი მხარდაჭერა ყველა პოლიტიკურ პატიმარს, როგორც ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც, შეიძლება ითქვას, კიდევ რიგში დგას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის რაღაც თამაშის წერებში მონაწილეობით რამენაირად შეამსუბუქებს საკუთარ არდაჭერას, ან წინააღმდეგობას ივანიშვილის მხრიდან საკუთარ თავზე, ამ ყველაფრით ანალიზი უნდა გააკეთოს. იგივე შემთხვევაა, მაგალითად, გახარიასი – რაც უფრო მეტად მორჩილებაში შედიხარ, რაც უფრო მეტად ცდილობ, რომ მონაწილეობა მიიღო იმ თამაშში, რომელსაც ივანიშვილი გვთავაზობს, მაგალითად, ადგილობრივი არჩევნების სახით და საკუთარ პოზიციას აფიქსირებ, თითქოს, მზად ხარ მონაწილეობა მიიღო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ მოგადგება მისი დამსჯელი პროცესი. ამიტომ მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის გაგრძელება, რომელშიც უნდა ვიყოთ ერთიანები. აქ მთავარია, ყველა ოპოზიციურ პარტიას გვქონდეს ერთი მთავარი მიზანი და პოზიცია. ახლა მაინც. დღეს არ არის იმის თვლის დრო, ვის რამდენი მხარდამჭერი ჰყავს, ვინ რომელი ოპოზიციური პარტია იქნება, ვინ პირველი იქნება, ვინ მეორე, ვინ მესამე. ჩვენ ეს ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ არ ვიქნებით ერთიანები. ყველა ამ პროცესის მთავარ მიზნად უნდა დავისახოთ ერთიანობა, იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი და მერე, როცა დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში, მერე ვითვალოთ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი ხმები და მერე ვეძებოთ საკუთარი მხარდამჭერები,“ – განაცხადა ბოტკოველმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ერთად უნდა დასხდეს და იზრუნოს იმაზე, როგორ არ შედგეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
„რაც უფრო მეტად აქტიური იქნება პროტესტი, მით უფრო, ყოველდღიურად დაზიანდება „ქართული ოცნების“ მდგომარეობა და ნელ-ნელა გამოეცლება სადავეები, რომლითაც ცდილობს, ადამიანები ციხეში გაუშვას, დააშინოს. ამიტომ ჩვენთვის მოტივატორი უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსის თუ პარტნიორი სახელმწიფოს განცხადება და ამან უფრო მეტად უნდა გაგვიმყაროს პოზიციები, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ წინააღმდეგობაში და არა მორჩილებაში ივანიშვილის რეჟიმთან. ამიტომ მთავარი, რაც დღეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, არის ერთიანობა. ყველა პოლიტიკური პარტია უნდა დავსხდეთ ერთად და ვიზრუნოთ იმაზე, როგორ არ შედგეს ის ადგილობრივი არჩევნები, რომლის ჩატარება და ამით ლეგიტიმაციის საკუთარ თავზე მინიჭება უნდა ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. რა თქმა უნდა, მთავარი გეგმა არის ერთი რამ – ყველა საკუთარ თავთან იყოს მართალი, რომელშიც ყველა ერთად ვიმყოფებით. ამიტომ ყველა პოლიტიკოსმა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ პირველ რიგში, ქვეყანაა გადასარჩენი და არა საკუთარი პოლიტიკური პარტია,“ – განაცხადა ბოტკოველმა.
ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, უაით ტოლკერის შეხვედრაზე ისაუბრა. ბოტკოველმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს ცდილობს, რომ ქვეყნის კურსი თავიდან ბოლომდე სხვა მიმართულებით შეატრიალოს და ამას ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ.
მისი შეფასებით, „MEGOBARI აქტის” საბოლოოდ ძალიან მალე დამტკიცდება და ეს „ქართულ ოცნებას“ საბოლოო განაჩენს გამოუტანს.
ბოტკოველის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყოველდღიური ქმედება რუსეთთან უფრო და უფრო მეტად გვაახლოებს და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერის ერთობლიობა „გატეხავს იმას, რაზეც ესენი დგანან“.
„ეს ხომ არ იქნება ის, რასაც ჩვენ ე.წ. პრემიერ-მინისტრის მხრიდან ვისმენთ ხოლმე, რომ რაღაცა გადატვირთვის რეჟიმისთვის ემზადებიან, თუ ამ პროცესში არიან. მიდგომის გადახედვა პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაუარესებულია, იქიდან გამომდინარე, რა მმართველობაც ჰყავს დღეს ქვეყანას და როგორი მმართველობის პროცესიც არის. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს ცდილობს, რომ ქვეყნის კურსი თავიდან ბოლომდე სხვა მიმართულებით შეატრიალოს და ამას ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი პარტნიორები. ეს შეხვედრა წინ უსწრებს იმ პროცესს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება – ეს არის „MEGOBARI აქტის” მიღება, რომელიც უკვე საბოლოო განაჩენს გამოუტანს [“ქართულ ოცნებას“]. ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა, როდესაც კონკრეტული ადამიანების დასანქცირება მოხდება. მთავარი – მოხდება იმ ადამიანის დასანქცირება ვისთვისაც ფულია ყველაზე მთავარი და არა სამშობლო, ქვეყნის მომავალი და ხალხი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი. „ქართული ოცნების“ ყოველდღიური ქმედება უფრო და უფრო მეტად გვაახლოებს იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ჩვენთვის არის პირველი მტერი და ოკუპანტი და ამ მხარდაჭერის ერთობლიობა როგორც აშშ-სგან, ისე ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან, გატეხავს იმას, რაზეც ესენი დგანან,“ – განაცხადა ბოტკოველმა.
