თბილისის მეტროს ხაზზე მოძრაობა გაჩერებული იყო

დღეს, 17 ივნისს, დილით თბილისის მეტროს ხაზზე მოძრაობა გაჩერებული იყო.
როგორც ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, „ტექნიკური“ მიზეზის გამო მეტროს მოძრაობა 10 წუთით იყო გაჩერებული.
სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს, რომ მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა გურამიშვილის მეტროსადგურზე წყლის შესაკავებლად გააჩერეს.
„გურამიშვილის მეტროსადგური თავზე გვექცევა ჩვეულებრივად. გააჩერეს მოძრაობა რომ წყალი შეაკავონ. რამდენი ხანი უნდა ჭირდებოდეს ერთი სადგურის რესტავრაციას, მაინცდამაინც რამე კოშმარი უნდა მოხდეს რომ მიხედოთ?!“, – წერს ნათია კოკოლაშვილი.
უკავშირდება თუ არა მეტროს პირველი ხაზის გაჩერება გურამიშვილის მეტროსადგურს ამის გარკვევა ნეტგაზეთმა თბილისის მერიასთან სცადა. მერიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან გადაგვამისამართა, სადაც „დეტალებზე“ არ ისაუბრეს და მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა „ტექნიკური“ მიზეზის გამო იყო გაჩერებული.
მეტროსადგური გურამიშვილის რეაბილიტაციის პირველადი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და ამის გამო სადგური რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული იყო. მაშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მეტროსადგურში მასიური სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.
თუმცა ამის გამო, რომ ამას ვარკეთილის მეტროს ნგრევა დაემთხვა, თბილისის მერიამ და სატრანსპორტო კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ მეტროს სადგური, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, შეეჩერებინათ და კვლევა ჩატარებულიყო კვლევა.
შემდგომში კი აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსებისთვის EBRD განიხილებოდა, 2020 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ პროექტი EBRD-ის ხელშეწყობით ხორციელდებოდა და მისი ღირებულება 60 მლნ ევრო იქნებოდა.
2024 წლის ბოლოს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა, გიორგი შარკოვმა BMG-ის განუცხადა, რომ მეტრო გურამიშვილის რეაბილიტაციის პროექტისთვის ტენდერის გამოცხადება 2025 წლის ბოლოს მოხდება.
ფოტო: FB / ნათია კოკოლაშვილი