კახა ქემოკლიძე – კოორდინაციის გარეშე შეუძლებელი იყო ჩორჩანაში რაიმე ღონისძიების გატარება, ყველამ ყველაფერი იცოდა – ჩამოთვლილ მუხლებს აკლია ურანის გამდიდრება ოჯახურ პირობებში და წყალბადის ბომბის დამზადება სადარბაზოში, კომიკურია

მე მიჩნდება მკაფიო, ლოგიკური დასკვნა მთელ ამ ვაქხანალიასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ბატონ ივანიშვილის პერსონალური შურისძიების საკითხი და არაფერ შუაშია არც ჩორჩანა, არც საოკუპაციო ხაზი, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა მ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ქემოკლიძის თქმით, ჩორჩანაში რაიმე ღონისძიების გატარება კოორდინაციის, კონკრეტული ურთიერთკავშირისა და ინფორმაციის გაცვლის გარეშე შეუძლებელი იყო და როგორც მინიმუმ, ყველამ ყველაფერი იცოდა.
“მე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე იყო წინააღმდეგი, ამას ძალიან გულწრფელად ვიძახი იმიტომ, რომ იმდენად შავით თეთრზე იყო ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ემოქმედა, რადგან ძალიან სერიოზული რისკები იყო არა მარტო ჩორჩანასთან დაკავშირებით, არამედ 27 ტერიტორიულ სეგმენტთან დაკავშირებით, რომ შავით თეთრზე შემდგარი საქმე იყო.
მე არ ვიცი, ბატონ გახარიასთან კომუნიკაციაში ვინ რას საუბრობდა, მაგ დონის ჩინოვნიკი არ ვიყავი, რომ მაგ კომუნიკაციას შევსწრებოდი, მაგრამ ჩემს დონეზე და, მათ შორის, ჩემი კოლეგების დონეზე, ვისთანაც კომუნიკაცია მქონდა სხვადასხვა უწყებაში, შემდგარი კონსენსუსი იყო ბევრი წლის განმავლობაში, არა მარტო მაგ კონკრეტულ დროის მონაკვეთში. ჩორჩანის ეპიზოდი, როგორც ნელი მოქმედების ნაღმი, ისე იხარშებოდა, იქ ბორდერიზაციის პროცესი რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, დაკავებები იყო, გაჩერებები იყო, კონკრეტული გზავნილების შემოთვლა იყო ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მისამართით, რომ ის ტერიტორია უკვე ითვლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ისტორიულ ტერიტორიად და იქ ქართველები არ უნდა შესულიყვნენ.
მე არ ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით ინდივიდუალურად ბატონი გახარია რას ფიქრობდა, მაგრამ ფაქტი შემდეგია, რომ კოორდინაციის, კონკრეტული ურთიერთკავშირისა და ინფორმაციის გაცვლის გარეშე შეუძლებელი იყო იქ რაიმე ღონისძიების გატარება, როგორც მინიმუმ, ყველამ ყველაფერი იცოდა, მათ შორის, დადასტურებულიც აქვთ თავად, რომ იცოდნენ, გზა რომ გაჰყავდათ, რისთვის გაჰყავდათ აბა ის გზა? სწორედაც, რომ გზის გაყვანის სამუშაოები ითვალისწინებდა საგუშაგოების ჩადგმას და მაგას თავისი მოტივაცია ჰქონდა.
მე მიჩნდება მკაფიო, ლოგიკური დასკვნა მთელ ამ ვაქხანალიასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ბატონ ივანიშვილის პერსონალური შურისძიების საკითხი და არაფერ შუაშია არც ჩორჩანა, არც საოკუპაციო ხაზი”, – აღნიშნა კახა ქემოკლიძემ.
კითხვაზე, თუ დარწმუნებული არიან, რომ ეს არის გიორგი გახარიაზე პოლიტიკური შურისძიება, რატომ აპირებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საგამოძიებო კომისიაზე მისვლას და რას აძლევს მას “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობის ეს რეჟიმი, ქემოკლიძემ უპასუხა, რომ ეს არის საშუალება, საზოგადოებამდე ინფორმაცია მიიტანონ, რომელსაც დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებით დაკავებული ტელევიზიების გამო ხალხი ვერ იღებს.
“ქართულ ოცნებასთან” არანაირი თანამშრომლობის რეჟიმი არ არის. საბოლოო ჯამში, ბატონი გახარია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, სად უნდა წავიდეს და წამოვიდეს, მაგრამ იმას, რასაც მე ახლა გიყვებით დეტალების დონეზე, არც “რუსთავი 2” არ აშუქებს, არც “იმედი” არ აშუქებს, არც ჩვენს კომენტარს არ აშუქებენ, გარდა იმ ამოჭრილი წინადადებებისა, რომელიც თავად აწყობთ, რომ დისონანსი შემოიტანონ და კონტექსტს მიღმა არანორმალური დეზინფორმაციული კამპანიები აწარმოონ, ამასთან დაკავშირებით არის სწორედ ინფორმაცია მისატანი ქართულ საზოგადოებასთან, ივანიშვილთან და ”ოცნებასთან” კი არა, ამათ არაფერი არ ეშველებათ, ამათ საკუთარი გადაწყვეტილება მიღებული აქვთ.
ჩორჩანას საკითხი ერთადერთი საკითხი იყო, რითაც “ქართულ ოცნებას” უნდა ეამაყა, როდესაც პოლიტიკური გზავნილი იყო დაფიქსირებული პოლიტიკური აქტის დონეზე, რომ ბორდერიზაციასაც აქვს საკუთარი წითელი ხაზები, ამას რომ აქცევ ასეთ დონეზე და საკუთარ კოლეგებს რომ აიძულებ, ჩვენებები მისცენ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ, ეს არის ყველაზე სამწუხარო. ეს დამართა ამ ადამიანებს ფულმა და ძალაუფლებამ”, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
ქემოკლიძემ ისაუბრა საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე და განაცხადა, რომ ეს “უბრალოდ კომიკურია”.
„ჩამოთვლილს ფაქტობრივად აკლია ურანის გამდიდრების პროგრამის ოჯახურ პირობებში წარმოება და წყალბადის ბომბის დამზადება რომელიღაც სადარბაზოში. კომიკურია უბრალოდ, მართლა კომიკურია“, – განაცხადა ქემოკლიძემ და დასძინა, რომ „სატირალი რომ არ იყოს, უნდა გვეცინა“.