აგროსექტორში სერვისების მიმწოდებელმა კომპანიამ Blue Garden რებრენდინგი განახორციელა და 5 წლიანი ოპერირების შემდეგ, საქმიანობას ბაზარზე ახალი სახელწოდებით – „ნიადაგი“ განაგრძობს.
როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, სალომე დიდებაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აღნიშნა, რებრენდინგის მიზანი კომპანიის გაფართოება და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების დაფარვა იყო.
„საწყის ეტაპზე, ჩვენი საქმიანობა მოცვის სექტორზე იყო კონცენტრირებული. თუმცა, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სფერო გაცილებით ფართოა. გადავწყვიტეთ, სხვა კულტურებიც დაგვეფარა და შესაბამისად, პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, რის შედეგადაც რებრენდინგი განვიცადეთ. ჩვენ არ შევცვლილვართ, უბრალოდ გავიზარდეთ“, – აღნიშნა დიდებაშვილმა.
მისი თქმით, დღეს კომპანია სოფლის მეურნეობის დარგის სრულ ციკლს ფარავს და მუშაობს კენკროვანი, კაკლოვანი და კურკოვანი კულტურების მიმართულებით.
„ეს მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ ყოფილა – ეს იყო სტრატეგიული ტრანსფორმაცია. ჩვენი მიზანი იყო სფეროს განვითარება და ადგილობრივ ბაზარზე აგროსექტორის სრულფასოვანი მხარდაჭერა“, – დასძინა მან.
გარდა პროდუქციის მიმართულებისა, კომპანიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი საკონსულტაციო მომსახურებებსაც უკავია.
„ვფარავთ საკონსულტაციო მომსახურების სრულ სპექტრს – დაწყებული ბიზნეს გეგმის შემუშავებით, პროექტების მართვითა და ფინანსების მოძიებით, დასრულებული ექსპორტის მხარდაჭერით. ამ მიმართულებით ჩვენს ძლიერ მხარეს მრავალწლიანი გამოცდილება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმოადგენს“, – აღნიშნა დიდებაშვილმა.
მისი თქმით, კომპანია „ნიადაგი“ აქტიურად თანამშრომლობს აზიისა და ევროპის ბაზრებზე მოქმედ საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ექსპორტის პროცესები ეფექტურად მართოს.
„სოფლის მეურნეობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ისეთი ქვეყნების ექსპერტებთან და მწარმოებლებთან, როგორებიცაა ჩილე, პორტუგალია, პერუ, იტალია და ჰოლანდია – ქვეყნებთან, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ აგრო ჯაჭვის მართვის პროცესში, დაწყებული ხარისხიანი პროდუქტის წარმოებით და დასრულებული მოსავლის შემდგომი პროცესების მართვით“, – ამბობს სალომე დიდებაშვილი.
მისივე განმარტებით, „ნიადაგი“ მიზნად ისახავს არა მხოლოდ აგროინდუსტრიის მრავალფეროვანი საჭიროებების დაკმაყოფილებას, არამედ მისი სტრატეგიული განვითარებისა და გრძელვადიანი პროგრესის უზრუნველყოფას.
