„ამ პროდუქტმა მოჭამა თავისი დრო“ – სადაზღვევო ასოციაცია ბაზრობებზე ქონების დაზღვევის ლიმიტის გაზრდას ითხოვს

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ბაზრობებზე ქონების სავალდებულო დაზღვევის ამჟამინდელი ლიმიტი – 15 000 ლარი – მოძველებულია და დღევანდელ ეკონომიკურ რეალობას ვეღარ პასუხობს. მისი თქმით, ამ პროდუქტმა „მოჭამა თავისი დრო“ და სასწრაფოდ მოითხოვს გადახედვასა და გაუმჯობესებას.
ხეჩინაშვილი ეთანხმება ბაზრობების გაერთიანების მოთხოვნას 2017 წლით დათარიღებულ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, თუმცა ხაზს უსვამს, რომ სავალდებულოობის კომპონენტი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.
„პრობლემა არის იმაში, რომ ამ პროდუქტმა, როგორც არის წარმოდგენილი, მოჭამა თავისი დრო, იმიტომ, რომ სხვა ეკონომიკა გაჩნდა ამ ბაზრობებში, ანუ 15 000 ლარიანი ლიმიტები არავის აღარ ყოფნის არაფერში.“ — განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
მისი განმარტებით, ბაზრობებზე ხანძრის უსაფრთხოების კუთხითაც ძალიან განსხვავებული პირობებია, რაც ტარიფიკაციაზე უნდა აისახოს.
„ყველა ვარიანტში უნდა მოხდეს ტარიფიკაცია სწორედ რისკიდან გამომდინარე, ანუ თუ შენ არა გაქვს მოწესრიგებული სახანძრო სტანდარტები, ან მეტი უნდა გადაიხადო, ან საერთოდ ვერ უნდა დააზღვიო ქონება. მილიონი ასეთი რამეა გასაკეთებელი, რომ პროდუქტი გახდეს უფრო ადეკვატური, როგორც დამზღვევისთვის, ისე მზღვეველისთვის,“ — ამბობს ხეჩინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბაზრობების გაერთიანებამ პარლამენტს 9 ივნისს მიმართა და სავალდებულო მესამე პირის დაზღვევის რეგულაციის გაუქმება მოითხოვა, მიზეზად კი მზარდი ფინანსური წნეხი დაასახელა. მათი თქმით, სადაზღვევო კომპანიები ხშირად უარს აცხადებენ დაზღვევაზე ან მაღალ ტარიფებს აწესებენ.