გრაფიკულ დიზაინერებს სამუშაო ბაზარზე მოხვედრა რთულდება — ამის შესახებ „დიზაინისა და პრინტის აკადემიის“ დამფუძნებელმა ქეთი ქურციკაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა. მისი თქმით, სასწავლო კურსების ფარგლებში მიღებული უნარები ხშირად არ შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რაც კურსდამთავრებულებისთვის დამატებით დაბრკოლებებს ქმნის.
“შეიძლება გრაფიკულ დიზაინზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა დასაქმების ბაზარი მაინც პრობლემურია. ვერც დამწყებები, ვერც გამოცდილი სპეციალისტები იოლად ვერ საქმდებიან. შესაბამისად, გრაფიკული დიზაინი მაღალანაზღაურებად პროფესიად არ ითვლება“, – ამბობს ქეთი ქურციკაშვილი.
ქურციკაშვილის თქმით, სფეროში ცნობიერების ნაკლებობა იკვეთება როგორც დამსაქმებლების, ასევე დიზაინერების მხრიდან. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ დიდ კომპანიებში პროფესიის მნიშვნელობას უკეთ აცნობიერებენ და იქ ანაზღაურებაც მაღალია.
„როდესაც ადამიანები კურსს ამთავრებენ და რეალურ სამუშაო გარემოში ხვდებიან, სრულიად განსხვავებულ რეალობას აწყდებიან. მათ ხშირ შემთხვევაში გადამზადება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ჩვენი [აკადემიის] მიზანია, ეს პროცესები სისტემურად დავალაგოთ“, – თქვა მან.
ინფორმაციისთვის, დიზაინისა და პრინტის აკადემია ქართულ ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ, დიზაინითა და პოლიგრაფიით დაინტერესებულ პირებს სწავლებისა და ამ მიმართულებებით ცოდნის გაღრმავების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
