წლის ყველაზე ცხელი სეზონის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად გამაგრილებელ ტკბილეულზე მოთხოვნა იზრდება. ზაფხულის პერიოდში ნაყინი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. როგორია გაყიდვების მაჩვენებელი და კონკურენცია ბაზარზე? საკითხზე ,,კომერსანტი“ „თოლიას“ მარკეტინგის დირექტორს ესაუბრა. სანდრო ლომთაძე ამბობს, რომ კომპანია გაყიდვების მიმართულებით წლის დასაწყისში დასახულ გეგმას გადაჭარბებით ასრულებს. მისივე თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ,,თოლიას“ გაყიდვებმა ჯამში დაახლოებით 20%-ით მოიმატა. სანდრო ლომთაძე განმარტავს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ფილიალების ქსელის გაფართოებაა.
,,ზაფხულის პერიოდში სხვა თვეებთან შედარებით ნაყინის მოხმარების ზრდა ყოველთვის შეინიშნება. წლევანდელ წელს თუ შევადარებთ შარშანდელ წელს მნიშვნელოვანია ის, რომ შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს. გაყიდვების გეგმას, რაც წლის დასაწყისში გვქონდა, შედარებით გადაჭარბებით ვასრულებთ. საუბარი მაქვს ჯამურ გაყიდვებზე – სანაყინეებს დამატებული ინდუსტრიული ნაყინი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვენიერი სეზონია. ფილიალებში გაყიდვების ზრდა კიდევ უფრო დიდია. პირველ რიგში ეს გამოიწვია ფილიალების დამატებამ. ასევე იმ ღონისძიებებმა და გადაწყვეტილებებმა, რაც მიიღო კომპანიამ იმისთვის, რომ გაყიდვები გაზრდილიყო.’’- აცხადებს სანდრო ლომთაძე.
,,თოლიას“ მარკეტინგის დირექტორი ამბობს, რომ სანაყინეების მიმართულებით ბაზარზე კონკურენცია არის, თუმცა მათ კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასი აქვთ და ბრენდი შედარებით მასიურ სეგმენტზეა გათვლილი. სანდრო ლომთაძე მიიჩნევს, რომ ნაყინის ბიზნესში ჩართულმა კომპანიებმა ბაზრის გაფართოებაზე უნდა იზრუნონ და არა წილების წართმევაზე.
,,რა თქმა უნდა კონკურენცია არის სანაყინეების ბაზარზე. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ აქტიური კონკურენცია არ არის და რას ვგულისხმობ ამაში. ჩვენი კონკურენტებისგან განსხვავებით, მაინც განსხვავებულ სეგმენტზე და სამიზნე აუდიტორიაზე ვოპერირებთ ჩვენ. ჩვენი ბრენდი არის უფრო მასიური. კონკურენტებისგან განსხვავებით, ასეთი ძალიან ნიშური პოზიცია არ გვიჭირავს. უფრო ფართო მასებისთვის არის ჩვენი ბრენდი. ამ სეგმენტში იმდენად აქტიური არ არის კონკურენცია. აქედან გამომდინარე მძაფრი კონკურენცია არ შეიმჩნევა, თუმცა კონკურენცია არის. მთავარია, რომ ჩვენ და ჩვენმა კონკურენტებმა ერთობლივად გავზარდოთ ბაზარი. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთმანეთს წილი წავართვათ.’’- აცხადებს სანდრო ლომთაძე.
სანაყინეების ქსელს მიმდინარე სეზონზე ახალი ფილიალები დაემატება. თბილისში ქსელი სავარაუდოდ 2 ლოკაციით გაფართოვდება. ბათუმში კი ბულვარში კიდევ ერთი ,,თოლიას“ სანაყინე გაიხსნება. ზღვისპირა ქალაქში ქსელს კიდევ ერთი ფილიალი შეემატება. სავარაუდოდ, დამატებით ორი ობიექტი ამუშავდება გორშიც.
,,მაქსიმუმ ივლისის შუა რიცხვებში ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე დაემატება ერთი ფილიალი. მეორეც გაიხსნება, თუმცა ლოკაციას ჯერ ვერ გეტყვით. ეს იქნება ქალაქში და არა ბულვარში. თბილისში ემატება რამდენიმე ლოკაციაზე. იგეგმება სავარაუდოდ 2 სანაყინეს დამატება. შერჩეული გვაქვს ადგილი. შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დეტალების გახმაურებისგან. ასევე ფილიალს გავხსნით გორში. ერთი ყველა ვარიანტში დაემატება. შეიძლება ორიც იყოს.’’- აცხადებს სანდრო ლომთაძე.
