გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ოფისი დაათვალიერა.
მინისტრი სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების, გამოწვევებისა და საქმიანობის შესახებ.
დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვა მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, სამინისტროს მიზანია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებით, მაქსიმალურად უზრუნველყოს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იმერეთის რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, როგორიცაა უკანონო ტყითსარგებლობა, ბრაკონიერობა, წიაღის უკანონო მოპოვება და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. ქუთაისი საქართველოს ოთხ მსხვილ ქალაქს შორის ერთ-ერთია, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
„დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ოფისის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნისა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რაც ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა“,-განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.
მინისტრთან ერთად, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს
