დღეს კიდევ ერთი ფურცელი დაწერა და გადაფურცლა ბიძინა ივანიშვილმა. მან დიდი ხანია თქვა, რომ ის აკეთებს ძალადობის სახელმწიფოს, ის აკეთებს ზიზღის სახელმწიფოს, ის აკეთებს ჩაგვრის სახელმწიფოს და ის ამას არ მალავს , – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა ზვიად ქორიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” აქციების პერიოდში დაკავებული ახალგაზრდის, მათე დევიძის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ქორიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მთელი მართლმსაჯულების სისტემა „ჯიბეში ჩაისვა“ და იმ გადაწყვეტილებებს მიაღებინებს, რომელიც უნდა.
“მთელი ეს სისტემა, რომელსაც ჩვენ ამ კონკრეტულ საქმეებზე ვხედავთ ახლა, ეს პოლიციელები, რომლებიც დადიან და ურცხვად იტყუებიან, მათ შორის, მათეს ისტორიაშიც სამი პოლიციელი. ერთი ჯოხის მოქნევით როგორ შეიძლება სამი პოლიციელი ისე დაზარალდეს, რომ მათ იმ მასშტაბის ტყუილები თქვან სასამართლო სხდომაზე, ის პროკურორები, რომლებიც სხედან სასამართლო სხდომაზე, ის მოსამართლეები, რომლებიც იხილავენ ამ საქმეებს – ისინი არ წარმოადგენენ მართლმსაჯულების სისტემას, ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც პერსონალურად დამოუკიდებლები არიან ან იცავენ მათი დამოუკიდებელი საჯარო ინსტიტუციების ინტერესებს. ბიძინა ივანიშვილმა ეს შეძლო, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა ჩაესვა ჯიბეში და მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას უნდა. ეს არ უკავშირდება მხოლოდ ამ ორმოცდაათ ადამიანს, რომლებსაც ჩვენ სინდისის პატიმრებად მივიჩნევთ. ის ასე მოექცევა ყველას, მათ შორის, იმ ადამიანებსაც, რომლებსაც საერთოდ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
კითხვაზე, რას ნიშნავდა მათე დევიძის სიტყვები – “სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში”, რომელიც მან სასამართლო დარბაზის დატოვებამდე წარმოთქვა, ქორიძემ უპასუხა, რომ ეს იყო გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ქვეყანაში არის უკუნითი სიბნელე და ამ სიბნელეში უნდა გაიკვლიოს ყველამ გზა, რათა საქართველო არ დაიკარგოს.
“ეს არის ფრაზა, რომლითაც მათემ მიმართა მთელ საზოგადოებას და უთხრა, რომ ჩვენ ვართ უკუნში და უნდა ვეძებოთ სინათლე, უნდა გავიკვლიოთ გზა იმიტომ, რომ ეს უკუნი არის ძალიან დიდი ხნით. თუ ჩვენ არ ავანთეთ სანთელი, თუ ჩვენ არ გავკვალეთ ეს გზა, ამ უკუნში დაიკარგება საქართველო. საქართველოს უკუნში ყოფნა არის დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი, ის ამით ელაპარაკება ამ საზოგადოებას, იმ ტყუილებით, რომელსაც “ქართული ოცნება” თითოეულ ჩვენგანს ეუბნება. ეს არის ზუსტად ის უკუნი, რომელსაც გაანათებს მათე, გაანათებს მზია, გაანათებს ანდრო – ის ადამიანები, რომლებიც დღეს იტანჯებიან, როგორც პირადი ტყვეები”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
