ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ქალაქში უკანონო შეკრების ადგილას, საპროტესტო აქციის დაშლისას, მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო და ათობით ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებზე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში სულ მცირე 378 ადამიანი დააკავეს.
ლოს-ანჯელესის ცენტრში, იმ ნაწილებში, სადაც დემონსტრაციები იმართება, ე.წ. „კომენდანტის საათი“ დააწესეს.
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გავრცელდა ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სიეტლი, დენვერი, სან-ფრანცისკო, ატლანტა და სხვა.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. სამართალდამცავების ინფორმაციით, შაბათს 27 ადამიანი დააკავეს, კვირას – 40, ორშაბათს – 114, სამშაბათს კი – 197. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 000 ჯარისკაცისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. კალიფორნიის გუბერნატორმა ეს ნაბიჯი შტატის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.
