ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი, გია თვალავაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თვალავაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა. როგორც მან განმარტა, გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.
„გია თვალავაძეს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მრავალწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ის სრულად გაამართლა. შემიძლია ცალსახად განვაცხადო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ გია თვალავაძეს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირ გადაცდომას, არანაირ კანონდარღვევას. რა თქმა უნდა, მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის სამართლიანი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ღირსეულმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ. ჩვენ გამოვიკვლიეთ უამრავი მტკიცებულება, დავკითხეთ უამრავი მოწმე, ასევე გამოვიკვლიეთ ფარული ჩანაწერები. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს რიგ შემთხვევაში წარმოდგენილი ჰყავდა მოწმეები, რომლებიც სიმართლეს არ ამბობდნენ. ჩვენ სასამართლოს დავანახეთ მათი ჩვენების არადამაჯერებლობა, ასევე ჩვენ გამოვიკვლიეთ არაერთი ნეიტრალური, უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ცალსახად ადასტურებდა გია თვალავაძის უდანაშაულობას. ამ საქმის ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება უკანონობა იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ დაცვის მხარე კმაყოფილი ვართ, რომ მრავალწლიანი განხილვების შემდეგ უდანაშაულო ადამიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა“, – განაცხადა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ გია თვალავაძე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი იყო და მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
