ზღვარზე დაბალი აქტივობის გამო, იტალიაში რეფერენდუმი ჩაიშალა

საზოგადოებრივი აზრის კვლევის სააგენტო YouTrend-ის ცნობით, იტალიაში მოქალაქეობის მოთხოვნებსა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული რეფერენდუმი, სავარაუდოდ, ჩავარდა, რადგან აქტივობა ზღვარზე გაცილებით დაბალი იყო.
იმისთვის, რომ რეფერენდუმის შედეგები სავალდებულოდ შესასრულებლად ჩათვლილიყო, აქტივობა მინიმუმ 50%-ს პლუს ერთი ხმა უნდა ყოფილიყო, თუმცა 60 000 საარჩევნო უბნიდან შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, აქტივობა დაახლოებით 30%-ია.
პროფკავშირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ინიციირებული და შემეგ ჩატარებული რეფერენდუმი ძირითადად სამუშაო ადგილების დაცულობის გაძლიერებას, მოქალაქეობის მიღების გამარტივებას, მიგრანტების ინტეგრაციის პოლიტიკას ეხებოდა. ამ საკითხებმა ბოლო წლებში იტალიაში პოლიტიკური დებატები გამოიწვია.
ბიულეტენში ხუთი კითხვა იყო მოცემული, მათ შორის წინადადება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეობის მისაღებად პირის იტალიაში ცხოვრების ვადა 10-დან ხუთ წლამდე უნდა შემცირდეს.
თუმცა, აქტივისტები ამტკიცებდნენ, რომ მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის 10-წლიანი ლოდინი ძალიან დიდი დრო იყო და რომ ხუთ წლამდე მოთხოვნის შემცირება იტალიას მის ბევრ ევროპელ მეზობელთან შესაბამისობაში მოიყვანდა.
მმართველი კოალიციის პარტიები, რომლებსაც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობს, რეფერენდუმს ეწინააღმდეგებოდნენ, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა კი მოქალაქეებს მოუწოდა, არ მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში.
საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე, მელონის პარტია „იტალიის ძმებმა“ (FdI) Instagram-ზე ოპოზიციის ლიდერების ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „თქვენ წააგეთ!“
რეფერენდუმი დაემთხვა იტალიის რამდენიმე რეგიონში და მუნიციპალიტეტში ადგილობრივ არჩევნებს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიაში ჩატარებული 78 რეფერენდუმიდან მხოლოდ ნახევარმა მიიღო საკმარისი ხმები.
პირველი რეფერენდუმი 1946 წლის 2 ივნისს ჩატარდა, იტალიელების 89%-მა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მათგან ნახევარზე ოდნავ მეტმა მონარქიის რესპუბლიკით ჩანაცვლებას დაუჭირა მხარი.
მოგვიანებით აბორტისა და განქორწინების შესახებ რეფერენდუმებიც წარმატებით ჩატარდა.
ბოლო რეფერენდუმი, რომელმაც საჭირო ზღვარი გადალახა, 2011 წელს წყლის მომსახურების პრივატიზების შესახებ კანონის წინააღმდეგ იყო.