„გასულ წელს აკრედიტაციის ცენტრმა პირველად განახორციელა აკრედიტაციის გაცემა უცხო ქვეყანაში, რაც მიუთითებს საქართველოში არსებულ აკრედიტაციის სერვისების საერთაშორისო და ევროპულ აღიარებაზე“
„გილოცავთ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლებს და საქართველოში აკრედიტებული ორგანოების წარმომადგენლებს მსოფლიო აკრედიტაციის დღეს და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ. მსოფლიო აკრედიტაციის დღე 2008 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება იმის ხაზგასასმელად, რამდენად დიდი წვლილი შეაქვს აკრედიტაციას ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა თუ სხვა სფეროების განვითარებაში. 2025 წელს აკრედიტაციის მსოფლიო დღის თემა ეხმიანება აკრედიტაციის როლს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების მხარდაჭერის ნაწილში – „ვაძლიერებთ მცირე და საშუალო საწარმოებს“ („Empowering small and medium enterprises“),“ – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის მილოცვაში.
როგორც გენადი არველაძე აღნიშნავს, 2024 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობაში, რამაც სისტემის განვითარება ახალ ეტაპზე გადაიყვანა. „მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს პირველად საქართველოში ჩატარდა ევროკავშირის აკრედიტაციის ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც 60-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო ევროკავშირის წევრი და ევროკავშირის კანდიდატი 40-ზე მეტი ქვეყნიდან. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აკრედიტაციის ცენტრმა პირველად განახორციელა აკრედიტაციის გაცემა უცხო ქვეყანაში, რაც მიუთითებს საქართველოში არსებულ აკრედიტაციის სერვისების საერთაშორისო და ევროპულ აღიარებაზე. ყველა ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ საქართველოს აკრედიტაციის სისტემა სულ უფრო მეტად ინტეგრირებული ხდება ევროპულ და საერთაშორისო სისტემებში, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება საქართველოში აკრედიტებული მომსახურების ხარისხსა და აღიარებაზე, რაც სრულყოფილ დასაყრდენს ქმნის მეწარმეობის, მით უფრო მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისათვის. ასეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობით, მათ შეუძლიათ წარმოებული მომსახურება და პროდუქტი ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებს მიაწოდონ. გისურვებთ წარმატებებს,“ – ნათქვამია გენადი არველაძის მილოცვაში.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს
