კალაძე: როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე და ვიღებდე გადაყვეტილებას თუ ვინ უნდა იმღეროს საახალწლო კონცერტზე და ვინ არა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მიერ იგეგმება და ის მსგავს გადაწყვეტილებებში არასდროს ერევა.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და რამდენიმე მუსიკალური შემსრულებლის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

„ნამდვილად ვერ მივიღებ მსგავს დამოკიდებულებას. როდესაც თავად იყვნენ ხელისუფლებაში, შეიძლება, ამას აკეთებდნენ და ჰგონიათ, სხვაც იმავეს აკეთებს. ზუსტად ესაა განსხვავება მათსა და ჩენს შორის. როგორ შეიძლება მე, ვიჯდე, ვიღებდე გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა მიიღოს კონცერტში მონაწილეობა და ვინ არ უნდა იმღეროს – ვიღაც იმღერებს, ვიღაც არ იმღერებს, ვიღაც ხვალ იმღერებს, ვიღაც ზეგ.

ღმერთია მოწმე, რომ არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომ მე განვსაზღვრო, თუ ვინ უნდა იმღეროს, ვინ გამოვიდეს, როგორი წარმოდგენა და გაფორმება იყოს. ამ ყველაფერში კვალიფიციური ადამიანები არიან ჩართული. შარშან და შარშანწინ იყო, რომ ვიღაცას არ მოუწია სიმღერა. ამიტომ, საზოგადოება გამოვიდა და მერია გაკიცხა, ეს რა კონცერტები მოაწყვეს, ვინ რას მღეროდა, ვერ გავიგეთო. მართლა არ ვიცი სიმღერა, თორემ მაგასაც არ დავზარდებოდი, მე გამოვიდოდი და ვიმღერებდი, მაგრამ არ ვიცი, არ მაქვს ეს ნიჭი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საახალწლო გალა-კონცერტში, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება, სხვადასხვა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოება საინტერესო წარმოდგენას იხილავს.

„საახალწლო კონცერტში ძალიან ბევრი შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. საკმაოდ საინტერესო წარმოდგენა იქნება. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ქვეყნის მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი. ერთი რამ მინდა ვისურვო, რომ ჯანმრთელი ვიყოთ. ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ვფიქრობ, არაფერია. მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. 2024 წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, დედაქალაქისთვის და ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად – “ქართულ ოცნებასაც” კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას – ჩვენ მხარს ვუჭერთ