რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ საიდუმლო დოკუმენტში ჩინეთი რუსეთის მტრების რიცხვშია დასახელებული – ანგარიშის ავტორები მიუთითებენ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებზე რუსეთის მიმართ და შპიონაჟზე არქტიკაში.
დოკუმენტი რუსეთის კონტრდაზვერვის ჩინეთთან დაკავშირებული ხედვების შესახებ დღემდე ყველაზე დეტალურ სურათს იძლევა – პარალელურად, ეს სურათი წინააღმდეგობაში მოდის რუსეთისა და ჩინეთის ხელისუფლების მიერ დახატულ ურთიერთმეგობრულ კავშირებთან.
საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც დათარიღებული არ არის, მაგრამ მაღალი ალბათობით 2023 წლის მიწურულს ან 2024 წლის პირველ თვეებშია მომზადებული, New York Times-მა მოიპოვა.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებული FSB-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული 8-გვერდიანი საიდუმლო დოკუმენტი თავდაპირველად ჰაკერულმა ჯგუფმა Area Leaks-მა მოიპოვა.
New York Times-მა დოკუმენტის შინაარსის გასაჯაროებამდე ის დასავლეთის 6 ქვეყნის დაზვერვის მაღალჩინოსნებს აჩვენა და წყაროებმა დაადასტურეს, რომ დოკუმენტი “ძალიან მაღალი ალბათობით” ავთენტიკურია – ზუსტი თარიღის არქონა კი, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ ეს დოკუმენტის საბოლოო სახე არ არის და უბრალოდ, შავი, სამუშაო ვერსია იყო.
დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა ჩინეთის ტერიტორიულ ამბიციებს რუსეთის მიმართ, განსაკუთრებით შორეული აღმოსავლეთის ოლქებში – ავტორების შეფასებით, პეკინმა შესაძლოა ისარგებლოს რუსეთის სისუსტით. რუსი მზვერავები შეწუხებულები არიან ჩინეთის დაინტერესებით, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესახებ და მცდელობებით, იპოვონ მოკავშირეები რუსეთის აკადემიურ წრეებში.
“პეკინი ეძებს ძველი ჩინელი ხალხების კვალს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში – ამგვარად ისინი ცდილობენ ჩამოაყალიბონ საფუძველი ტერიტორიული პრეტენზიებისთვის”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამ დოკუმენტის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ ჩინეთმა გააქტიურა კრემლთან დაახლოებული ექსპერტების, ჟურნალისტებისა და სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკების რეკრუტირება.
ამის საპასუხოდ, FSB-მ თავის ოფიცრებს დაავალა, რომ შეესუსტებინათ „საფრთხე“ და „ხელი შეეშალათ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინფორმაციის ჩინელებისთვის გადაცემისთვის“. დოკუმენტის თანახმად, ოფიცრებს დაევალათ პირადი შეხვედრების ჩატარება რუსეთის მოქალაქეებთან, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩინეთთან და გაეფრთხილებინათ ისინი, რომ პეკინი ცდილობდა რუსეთის უპირატესობის გამოყენებას და მოწინავე სამეცნიერო კვლევების მოპოვებას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) ჩინურ მესენჯერ აპლიკაცია WeChat-ზე „მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მუდმივი დაგროვების“ ბრძანება გასცა. ეს დავალება გულისხმობდა ჯაშუშური სამიზნეების ტელეფონების გატეხას და მონაცემების ანალიზს სპეციალური პროგრამით, რომლითაც აღჭურვილი იყო FSB-ს ერთ-ერთი განყოფილება.
ჩინეთის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი ავიაციაა – რუსული კონტრდაზვერვის შეფასებით, გასულ წლებში პეკინი აქტიურად ცდილობს რუსი მფრინავებისა და აეროჰიდროდინამიკის ექსპერტების რეკრუტირებასაც.
„პეკინისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ინფორმაცია დრონების გამოყენებით საბრძოლო მეთოდების, მათი პროგრამული უზრუნველყოფის მოდერნიზაციისა და დასავლური იარაღის ახალი ტიპების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესახებ“, – ნათქვამია FSB-ის დოკუმენტში.
ამავე ანგარიშში კონტრდაზვერვის სამსახურის საკუთარ თანამშრომლებს მოუწოდებს “ამხილონ” ჩინეთთან დაკავშირებული საქმიანობა როგორც ისტორიულ ფონდებში, ასევე მეცნიერებაშიც. ასევე ირკვევა, რომ FSB შეწუხებულია პეკინის “რბილის ძალის” გავლენის ზრდით ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.
დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის უნდობლობა ორმხრივია. ჩინეთი გულმოდგინედ ამოწმებს თავის აგენტებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ასევე მკაცრ კონტროლს ახორციელებს ჩინეთში მყოფ 20 000 რუს სტუდენტზე და ცდილობს ჩინელი მეუღლეების მქონე რუსები პოტენციურ ჯაშუშებად დაიქირაოს, – ნათქვამია დოკუმენტში.
აქვე დასტურდება ვარაუდები იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩინეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლით შეიარაღების გაძლიერებაში.
FSB-ს დოკუმენტის მიხედვით, პეკინმა მოსკოვს შესთავაზა მიწოდების ჯაჭვების შექმნა, რომლებიც გვერდს უვლიდნენ დასავლეთის სანქციებს და შესთავაზა მონაწილეობა დრონების და სხვა დაუზუსტებელი მაღალტექნოლოგიური სამხედრო აღჭურვილობის წარმოებაში. აქვე ნათქვამია, რომ ჩინეთის ჰქონდა ინტერესი ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა აფრიკის მთავრობებს და იბრძოდა რუსეთის ჯარებთან ერთად უკრაინაში.
„ჩინელები გეგმავენ ვაგნერის მებრძოლების გამოცდილების გამოყენებას საკუთარ შეიარაღებულ ძალებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოქმედ კერძო სამხედრო კომპანიებში“, – ნათქვამია გამოჟონილ დოკუმენტში, საიდანაც არ ირკვევა ჩინეთი ყოფილი ვაგნერის მებრძოლების საკუთარი ფორმირებებისთვის გადაბირებას აპირებს თუ, უბრალოდ, მათი გამოცდილების გაზიარება სურს.
New York Times-თან დოკუმენტის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა როგორც ოფიციალურმა ჩინეთმა, ისე მოსკოვმა.
წყარო: “რადიო თავისუფლება”
