ოსკაროსანი “პარაზიტის” მსახიობი ლი სან-კუინი გარდაცვლილი იპოვეს

ლი სან-კუინი, სამხრეთ კორეელი მსახიობი სეულის ერთ-ერთ პარკში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მან მსოფლიოს ყურადღება ფილმ „პარაზიტში“ ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებით მიიპყრო. 2020 წელს უცხოურმა ფილმმა ამერიკული “ოსკარების” ისტორიაში პირველად მოიპოვა მთავარი პრიზი – საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.
სეულის ოფიციალური პირების განცხადებით, გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას ამუშავებს. მის სახლში ჩხრეკისას პოლიციამ წერილი იპოვა, რომლის გამოც ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა თვითმკვლელობა იყო.
სამხრეთ კორეის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლებმა, რომლებიც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეს იძიებენ, 48 წლის ლი მანამდე სამჯერ დაკითხეს. პოლიციაში ერთ-ერთი დაკითხვა გასულ უქმეებზე 19 საათს გრძელდებოდა. ლი ამბობდა, რომ ის მოატყუეს და დააშანტაჟეს.
მსახიობის სააგენტოს განცხადება აქამდე არ გაუკეთებია, თუმცა მედიაში წერენ, რომ მისი წარმომადგენელი ჟურნალისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნებისგან.
სამხრეთ კორეას ნარკომოხმარების წინააღმდეგ მკაცრი კანონები აქვს. კანონდარღვევის გამო, ადამიანს შესაძლოა თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვიდან 14 წლამდე მიუსაჯონ.

ასევე დაგაინტერესებთ