“ლელო – ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ხნის, რატომ იქნება უკეთესი, რომ ოპოზიციამ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ის ირწმუნება, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა არ აწყობს “ქართულ ოცნებას”.
TV პირველის ეთერში სტუმრობისას, ხაზარაძეს არ დაუდასტურებია, რომ კოალიცია აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა, დიდი დრო მოანდომა იმაზე საუბარს, რატომ არის ეს კარგი იდეა.
გარდა ამისა, ხაზარაძემ თქვა, რომ შეხვდება ნებისმიერ ჯგუფს, ვისაც სწორად მიაჩნია ამ არჩევნების ბოიკოტი. მათ შორის, აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრებს.
“ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” არანაირად არ აწყობს, რომ ძლიერმა, გაერთიანებულმა პლატფორმამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. რატომ? იმიტომ, რომ როგორც კი ისინი დაინახავენ, რომ ჩვენ გამოვაცხადებთ ე.წ. ბოიკოტს, და ჩვენს ჯარს – ეს არის ჯარი, პოლიტიკური ბრძოლა – აქტივს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვეტყვით, რომ არ შევდივართ ამ ბრძოლაში, ჩაატარებენ სანიმუშო არჩევნებს – კალანდარიშვილსაც მოხსნიან და დანიშნავენ ერთ-ერთ ლამაზ, ბუნჩულა ადამიანს, ისევე როგორც მოხსნეს ყველა დასანქცირებული ადამიანი, რაც ნიშანდობლივია, იმიტომ, რომ ფასადი შეცვალეს. თუ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიცია, არ ვიბრძოლებთ და უბრძოლველად გავატანთ მოგებულ ქალაქებს, რომლებიც მოგებული გვაქვს აგერ, 6 თვის წინ – ეს არის თბილისი, რუსთავი … დაახლოებით 5 ქალაქში ვერ აიღო “ქართულმა ოცნებამ” იმდენი ხმა, რომ ის ქალაქები მოეგო, ჩვენ გვექნება ასეთი სურათი: ლეგიტიმაციას აიღებს ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოს თვალში. ჩამოიყვანს დამკვირვებლებს და იტყვის – ნახეთ, როგორი არჩევნები ჩავატარე?! სუფთა არჩევნები, სამართლიანი არჩევნები. არც გააყალბებს. ეყოლება ოპოზიცია? რა თქმა უნდა, ეყოლება. როგორც მე დამიბარა ცრუ ოპოზიციით შექნილმა საპარლამენტო კომისიამ, თავის ამომრჩეველს და გადაუწყვეტელ ხალხს ეტყვის, რომ შეცვალა ცხოვრება, აგერ არის ოპოზიცია – ვინ არის მაგას მერე ხალხი ნახავს, “ხალხის ძალაა” თუ კიდევ უამრავი გამოჩნდება, გარანტიას გაძლევთ, არანაირი გაყალბება არ იქნება. ჩვენ მივიღებთ ერთ წელიწადში ორ მოცემულობას: ერთი მოცემულობაა არალეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ჩვენ გავაპროტესტეთ და ამხელა ბრძოლის, ამხელა შრომის და ამხელა თავგანწირვის შედეგად ვაღიარეთ არალეგიტიმურად და მეორე, ჩატარებული არჩევნები, რომელიც არ არის გაყალბებული. ამის მერე, ეს ხელისუფლება ბლომდე გაიმყარებს საფუძველს. ჩემთვის, ადგილობრივი არჩევნები არის სახლისთვის ფუნდამენტის აშენება. საპარლამენტო არჩევნები არის დიდი ბრძოლა, რომელიც ცვლის ხელისუფლებას, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები არის ქალაქები, არის საკრებულოები, რომლებზეც დგას ოპოზიციური პარტიების სიძლიერე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
2 ივნისს, “ძიერი საქართველოს” გენერლაურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ “თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები”. ასევე, მან თქვა, რომ “თბილისის წართმევა და გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი”. ამ განცხადებებმა გააჩინა ეჭვი, რომ “ლელო – ძლიერი საქართველო” აპირებს ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რის გამოც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურეს.
დაახლოებით ერთი კვირის წინ მსგავსი განცხადება გააკეთა პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამაც. პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ ემზადებიან “ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის”.
ამავე თემაზე:
· როგორ შეიძლება მოიტანოს ამან გამარჯვება და არა იმედგაცრუება?! – ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე
· ხაზარაძის განმარტება “ძლიერი საქართველოს” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ
· როგორ შეიძლება მოიტანოს ამან გამარჯვება და არა იმედგაცრუება?! – ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე
· ხაზარაძის განმარტება “ძლიერი საქართველოს” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ
· წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის
