მედია: 11 პირის საქმის ვიდეოები შსს-დან ანანო ბარაბაძემ გასცა, ის უწყებაში პრესსამსახურის ფუნქციასაც ასრულებს

აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესზე დღეს პოლიციელი ლევან ნიჟარაძე დაიკითხა, რომელმაც რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილისა და სერგეი კუხარჩუკის საქმეში არსებული ვიდეოები გამოითხოვა.
⭕ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ანა ბარაბაძე, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ბარაბაძე ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ფუნქციასაც ასრულებს.
ლევან ნიჟარაძის თქმით, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა პროტესტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები და ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა, ანუ გამოთხოვილი ინფორმაცია [ვიდეოები] გასცა ანა ბარაბაძემ, რის შესახებაც გაფორმდა შესაბამისი ოქმი.
„პუბლიკა” ასევე გაეცნო აღნიშნულ ოქმს და ანა ბარაბაძის ხელმოწერას.
პროცესზე მოწმემ განაცხადა:
🗯️-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი მაქვს ინფორმაცია, კერძოდ ვიდეოჩანაწერების სახით, რომელშიც ასახული იყო სხვადასხვა ძალადობრივი ქმედება შსს-ს თანამშრომლების მიმართ. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში აღნიშნული ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდებოდა რევაზ კიკნაძე, ირაკლი ქერაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ავთანდილ ჭედია და სერგეი კუხარჩუკი.
დაგვხვდა სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ანა ბარაბაძე, შეგვიყვანა სამუშაო ოთახში ერთ-ერთ კომპიუტერთან, რომელშიც ჩაწერილი იყო ყველა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადაღებული ვიდეოფაილები.
ქალბატონი ანა ბარაბაძე იჯდა კომპიუტერთან და გვანახებდა ვიდეოჩანაწერებს გადახვევის რეჟიმში მათ შორის ჩვენ მიერ მითითებული დროის პერიოდში”.
ადვოკატი ომარ ფურცელაძე: ქალბატონი ანა ბარაბაძე, რომელიც პიარსამსახურია რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტროსი და […] ეს ადამიანი არც მისი შემქმნელია, არც მისი შემნახველია, არც მისი დამმაგრებელია“
მოწმე: დიახ, პრობლემა რა არის?
ადვოკატი: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. რა კავშირი აქვს ანა ბარაბაძეს ამ ვიდეოების მოპოვებასთან ან შენახვასთან ან დამაგრებასთან, რომ მისგან მოახერხეთ ამ ყველაფრის ამოღება?
მოწმე: ანა ბარაბაძე იყო მონაწილე პირი…
ადვოკატი: ადგილზე მიხვედით საგამოძიებო ღონისძიებების ჩასატარებლად, უნდა ამოიღოთ მტკიცებულებები, ამ დროს ამ ყველაფერს აკეთებს შსს-ს პიარსამსახური ანა ბარაბაძე, რომელიც არც შემქმნელია ამ ვიდეომასალის, არც მისი სამუშაო კომპიუტერია და არც სხვა არანაირი კავშირი არ აქვს მატერიალურ შინაარსთან“, – თქვა ადვოკატმა.
მოწმემ დააკონკრეტა: „აღნიშნული ვიდეოჩანაწერები შექმნილია სტრატეგიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ოპერატორების მიერ“.
⭕ რატომ არის პრობლემური ანა ბარაბაძის მონაწილეობა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში? – ამ საკითხს „პუბლიკასთან“ ომარ ფურცელაძე ასე განმარტავს:
🗯️ „მოპოვებული იქნა განჩინება, განჩინების მიღების მერე ეს ადამიანები გამოცხადდნენ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში და ჩაატარეს ვიდეომასალის დათვალიერება და გამოთხოვა.
ამ გამოთხოვაში მონაწილეობა მიიღო ქალბატონმა ანა ბარაბაძემ, მიუხედავად იმისა, რომ მას შემხებლობა არ ჰქონია არც მტკიცებულებების მოპოვებასთან, არც შემხებლობასთან და არც სხვა რამე ფორმით ყოფილა დაკავშირებული ამ ვიდეომასალებთან, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ამ ვიდეომასალებთან.
ჩვენთვის უცნობია კონკრეტული ადამიანის შტატი, ფუნქციური მოვალეობა, დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ მას სხვა საქმიანობა აკრძალული აქვს, მაგრამ ფაქტი და მოცემულობა შემდეგია – ქალბატონი ანა არაა მითითებული, როგორც ოპერატორი, არაა ადამიანი, ვისაც ფუქნციურად უნდა მიეღო და შეენახა ეს ვიდეოები და ამის შემდეგ მისი მონაწილეობა, ისე, რომ განმარტების მიცემაზე უფლებამოსილი არ იყო და ობიექტურად შესაძლებლობა და საშუალება არ ექნებოდა, რომ მიეცა საერთოდ განმარტებები, რატომ აღმოჩნდა ეს პირი პასუხისმგებლის ამპლუაში, ჩვენთვის გაუგებარია…
მე მაქვს ასეთი კითხვა – რატომ იღებს ქალბატონი ანა, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ამ ვიდეოებთან, მონაწილეობას ამ საგამოძიებო მოქმედებაში.
დარწმუნებული ვარ, ფუნქციურად, მინიმუმ 10 თანამშრომელი უნდა არსებობდეს იმ განყოფილებაში, რომელსაც შეეძლო, მონაწილეობა მიეღო. ამას დამატებული ის, რომ ყველა ვიდეოს ეწერა ოპერატორის სახელი და გვარი. რატომ არ ამოიღეს მათგან და რატომ იყო ეს ანა ბარაბაძე?
ეს ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, შეგვიძლია, შევაფასოთ, რომ არის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევა“, – თქვა ადვოკატმა.
„პუბლიკა” ანა ბარაბაძეს დაუკავშირდა შესაბამისი შეკითხვევით. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.