„ქართული ოცნება“ გეგმავს, შსს-ში უჩივლოს მათ, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“ და „აბულინგებს“

ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ გეგმავს, შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივლოს მათ, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“. ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რეაგირებისთვის გამოიყენებენ 2025 წლის თებერვალში მიღებულ კანონს.

„უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერი სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას, რამაც, როგორც აღვნიშნეთ, იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულებაა…

სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად, ვიწყებთ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება“, – თქვა ირაკლი კირცხალიამ.

მან არ დაასახელა კონკრეტული ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც „ქართული ოცნება“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩივილს აპირებს. რადიო თავისუფლება ამ საკითხის დაზუსტებას ცდილობს პარლამენტის პრესსამსახურთანაც. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

პროევროპული აქციების პარალელურად, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სადავო პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლითაც პოლიტიკური თანამდებობების პირების, საჯარო მოხელეების, პოლიციელების შეურაცხყოფა ისჯება. კანონის მიღების შემდეგ პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან მსგავსი გამოხატვა ისჯება 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმით ან 45 დღემდე პატიმრობით.

წყარო