აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა ხუთშაბათს საჯაროდ გააკრიტიკეს ერთმანეთი.
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „ილონს და მე შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. არ ვიცი, კიდევ გვექნება თუ არა.“
მასკმა მანამდე იმედგაცრუებას გამოთქვა დონალდ ტრამპის „დიდი და ლამაზი“ საბიუჯეტო კანონპროექტის გამო. მასკი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ბიუჯეტის დეფიციტს ზრდის და ძირს უთხრის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობას.
დონალდ ტრამპმა მასკის პოზიცია მისი ბიზნეს-ინტერესებით ახსნა: “ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა ამ კანონპროექტის შიდა სამუშაო აქ მყოფთაგან უკეთესად იცოდა. თქვენზე უკეთ. მან მის შესახებ ყველაფერი იცოდა. მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მას მოულოდნელად პრობლემა გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას, რადგან ეს მილიარდობით დოლარია და ეს ნამდვილად უსამართლოა”.
მასკმა პასუხად საკუთარ სოციალ ქსელ X-ზე ათობით პოსტი გამოაქვეყნა, პრეზიდენტის ამ განცხადებას სიცრუე უწოდა და თქვა, რომ მისთვის კანონპროექტი არავის უჩვენებია. მასკმა ასევე დაწერა: “რომ არა მე, ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებდაო” და დასძინა “როგორი უმადურობაა”.
აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეულმა დონალდ ტრამპმა 2025 წელს შექმნა ახალი ფედერალური უწყება, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელობა დაავალა თავის აქტიურ მხარდამჭერს, კომპანიების Tesla-ს და Space X-ის მფლობელს, მილიარდერ ილონ მასკს.
მასკი სპეციალურ სახელმწიფო მოხელედ დაინიშნა. ეს სტატუსი სახელმწიფოზე მუშაობის უფლებას აძლევდა წელიწადში 130 დღის განმავლობაში. თუ ათვლა დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან, 2025 წლის 20 იანვრიდან დაიწყება, ეს ვადა მაისის ბოლოს იწურება.
ილონ მასკმა, როგორც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების ხარჯების შემცირება დაიწყო, რამაც ათიათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვია. მოგვიანებით, ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურებში დააბრუნეს.
აპრილში მასკმა განაცხადა, რომ აპირებს მეტი დრო საკუთარ კომპანიებს დაუთმოს. მილიარდერმა ბიზნესმენმა ისიც თქვა, რომ ფედერალურ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული სიტუაცია იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა და მისი გამოსწორება ძალიან რთული ამოცანაა.
მაისის ბოლოს მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი, როგორც სპეციალური სახელმწიფო მოხელის უფლებამოსილების ვადა იწურება. მასკმა პრეზიდენტ ტრამპს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ზედმეტი ხარჯების შემცირების შესაძლებლობა მისცა.
ფორუმი
