საფრანგეთის ქალაქი ნანტი დროებით წყვეტს საქართველოს დედაქალაქ თბილისთან დაძმობილების ურთიერთობას. თბილისი და ნანტი 1979 წელს ანუ 46 წლის წინ დაძმობილდნენ.
თუმცა ფრანგული მედიის თანახმად, ნანტმა გადაწყვიტა ეს ურთიერთობა გაყინოს.
ადგილობრივი გამოცემის, Actu nantes-ის თანახმად, ქალაქის მერიამ გაავრცელა პრესრელიზი სადაც აღნიშნა რომ შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ოპონენტების მიმართ განხორციელებული რეპრესიებით, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დაიწყო.
ნანტის მერია ასევე აცხადებს, რომ თბილისის მერიამ სამსახურიდან გაათავისუფლა რამდენიმე საჯარო მოხელე, რომლებთანაც ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი საერთოდ გააუქმა.
ფრანგული ქალაქი აცხადებს, რომ თბილისთან დაძმობილების ურთიერთობების შეჩერება ძალაში დარჩება იქამდე, სანამ თანამშრომლობისთვის სათანადო პირობები არ შეიქმნება.
Actu nantes-ის თანახმად, სამი ქალაქის, ნანტის, ზაარბიუკენისა და თბილისის დამეგობრებამ შესაძლებელი გახდა ისეთი პროექტების განხორციელება როგორიცაა:
· ფრანგული ენის სწავლება თბილისში
· ქართველის სტუდენტების სტუმრობა
· ქართული საცეკვაო კლუბების კონცერტების ჩატარება
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან, მათ შორის თბილისის მერიიდან არაერთი საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომლები საჯარო წერილებით ემიჯნებოდნენ ევროინტეგრაციის ცალმხრივად შეჩერების გადაწყვეტილებას. ისინი გათავისუფლებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს 2024 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.
