უნგრეთის პარლამენტმა “გამჭვირვალობის შესახებ კანონზე” კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური უნგრეთის მმართველი პარტია “ფიდეშის” ფრაქციის ლიდერზე, მატე კოჩიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღინიშნება, რომ უნგრულ პარლამენტს ე.წ. “გამჭვირვალობის შესახებ კანონზე” კენჭისყრა 10 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, კოჩიშის თქმით, კანონპროექტზე კენჭისყრა საზაფხულო საპარლამენტო არდადეგებამდე არ გაიმართება.
“გამჭვირვალობის კანონს ამოვიღებთ ოთხშაბათის საკანონმდებლო კომიტეტის დღის წესრიგიდან, და ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ზაფხულამდე არ მივიღებთ, პარლამენტი კენჭს არ უყრის ამას”, – განაცხადა კოჩიშმა.
მისი თქმით, “ფიდეში” ერთიანია იმის რწმენაში, რომ საკანონმდებლო ინსტრუმენტები გამოიყენებოდეს სუვერენიტეტის დასაცავად, მაგრამ კამათი მიმდინარეობს იმის თაობაზე თუ როგორი ინსტრუმენტები უნდა იყოს ეს. კოჩიშის თქმით, ინიციატივაზე მსჯელობები შემოდგომაზეც გაგრძელდება.
