ერთმა პარტიამ თქვას, რასაც მე ჩავთვლი საჭიროდ იგივე გააკეთეთ სხვა პარტიებმაც, იგივე მონოლითური მიდგომაა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს , – ამის შესახებ ანალიტიკოსმა და პოლიტოლოგმა არჩილ გამზარდიამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, სადაც ნათქვამია, რომ „ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია – ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“.
როგორც გამზარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ევროპარლამენტისთვის პოლიტიკური მანდატი პასუხისმგებლობის სიმბოლოა, და გაუგებარია, როცა არჩეული პოლიტიკოსები მასზე უარს ამბობენ.
გამზარდიამ, ასევე, გაუსვა ხაზი, რომ ოპოზიციური ერთიანობის იდეა ხშირად დროებითია და ყოველ პარტიას საკუთარი სტრატეგია და სამიზნე ჯგუფი უნდა ჰყავდეს.
„ევროპარლამენტისთვის მთავარი საკითხი არის პოლიტიკის სტანდარტი: პირობა და ვალდებულების შეგრძნება. პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობა და მანდატების მიღება, განხილულია არა როგორც კერძო ინტერესის საგანი, არამედ ვალდებულებითი ნაწილი. ამიტომ, ევროპარლამენტისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანმა მიიღოს მანდატი და თავისი ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც ამომრჩეველმა დააკისრა, თქვას უარი.
მათ შორის, პოლიტიკის სტანდარტია ოპოზიციურ პარტიებს შორის კონკურენციის სისტემა. ერთიანობის იდეას არასდროს ვიზიარებდი. პრაქტიკა და 30 – წლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი ერთიანობა არის ძალიან დროებითი. შესაბამისად, რომელი პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის მისი და მისი სამიზნე ჯგუფის საქმე.
ამდენი ხნის მანძილზე ვერც ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ მოახერხა პროტესტის მონაწილეებისთვის საინტერესო ტიპები ყოფილიყვნენ – არ ცნობენ მათ“, – განაცხადა გამზარდიამ.
ამასთან, გამზარდიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკაზეც ისაუბრა.
მისი შეფასებით, ოპოზიცია 2021 წელს არადამაჯერებლად წარსდგა, რადგან სოფლებში ქვეყნის ყოფნა-არყოფნაზე საუბარი ადგილობრივ საჭიროებებს აცდენილი იყო. ასევე, აღნიშნა, რომ ოპოზიცია ვერ ქმნის ლიდერებს, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას დაიმკვიდრებენ.
„პოლიტიკის სტანდარტი გულისხმობს, რომ არ არის სწორ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ერთ საერთო სტრატეგიაზე მუშაობდეს, ერთსა და იმავე შინაარს ქმნიდეს. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს თავისი სტრატეგია და გზა.
კიდევ ერთი პრობლემაა, თვითმმართველობის არჩევნები ძალიან სპეციფიკურია. 2021 წელს არაადეკვატური იყო ოპოზიციური სპექტრი, სოფლებში ჩადიოდნენ და სოფლის მოსახლეობას ელაპარაკებოდნენ ქვეყნის ყოფნა – არ ყოფნაზე. ჩვენი ოპოზიციის პრობლემა არის ის რომ ვერაფერს ქმნიან, ჯგუფები, რომლებიც პროტესტის მონაწილეებში რეპუტაციას ვერ ქმნიან, რეგიონში მცხოვრებ ადამიანების ცნობიერებაში შექმნიან რეპუტაციას?!
მე ვარ მომხრე, რომ პოლიტიკის სტანდარტი დავიცვათ. ის რომ ერთმა პარტიამ თქვას, რასაც მე ჩავთვლი საჭიროდ იგივე გააკეთეთ სხვა პარტიებმაც, ეს არის იგივე მონოლითური მიდგომა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს“,- განაცხადა გამზარდიამ.
ასევე, გამზარდიას თქმით, ძალაუფლების შეცვლის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირება უადგილოა, რადგან ეს მხოლოდ ლოკალური რესურსია – ხელისუფლების ცვლილების ინსტრუმენტი.
პოლიტოლოგის თქმით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა, მაგრამ ამავდროულად სარისკოცაა პარტიებისთვის, რადგან მარცხის შემთხვევაში შესაძლოა პოლიტიკური კარიერის დასრულება მოუწიოთ.
„რატომ დგას ძალაუფლების შეცვლის საკითხი თვითმმართველობის არჩევნებთან მიბმული? რა კავშირი აქვს? ეს არის ლოკალური საშუალება. რატომ უკავშირებენ „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას პირდაპირ თვითმმართველობის არჩევნებს ან მისვლით რატომ ფიქრობენ, რომ ჩამოიშლება ან არ მისვლით? ვთვლი, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის რესურსი ლოკალურ დონეზე. ის პარტიები, რომლებიც რისკავენ და გადიან ამ არჩევნებში, რისკავენ იმითაც, რომ დიდი წარუმატებლობის შემთხვევაში მათ შეიძლება პოლიტიკური კარიერის დასრულება მოუწიოთ“, – განაცხადა გამზარდიამ.
