5 ივნისს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახალ კვლევას წარადგენს, რომელიც საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებულთა სექსუალურ შევიწროებას ეხება.
კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, CRRC-საქართველომ ჩაატარა და მასში ნათქვამია, რომ კერძო სექტორში დასაქმებულების სექსუალური შევიწროება გავრცელებული პრობლემაა. აქვე, აღნიშნულია, რომ დასაქმებული ქალების 2ა7%-სა და კაცების 18%-ს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება გამოუცდია.
“საქართველოს კერძო სექტორში სექსუალური შევიწროება გავრცელებული პრობლემაა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს კერძო სექტორში სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ძირითადად ქალები არიან. დასაქმებული ქალების 27% და კაცების 18% ამბობს, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება გამოუცდია, ქალი მსხვერპლების უმეტესობის — 84%-ის შემთხვევაში, შემავიწროებელი კაცი იყო.
კვლევას “სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს კერძო სექტორში”, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, CRRC-საქართველომ ჩაატარა, ავტორები 5 ივნისს კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნობენ. შეხვედრას ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა გახსნიან.
აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად კერძო სექტორში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გავრცელების შესახებ ეს პირველი კვლევაა და, ამდენად, ის პრობლემის ირგვლივ მნიშვნელოვან მიგნებებს აერთიანებს. შედეგებით ირკვევა, რომ ყველაზე ხშირად გავრცელებულია სექსუალური შევიწროების ისეთი ფორმები, როგორებიცაა კომენტარები გარეგნობასა და ჩაცმულობაზე, სექსუალური ისტორიების მოყოლა, არასამუშაო საათებში შეტყობინებები და პირადი ხასიათის ზარები, პირადი სივრცის ფიზიკურად დარღვევა, არასასურველი შეხება და ა.შ. კოვიდპანდემიის შემდეგ განსაკუთრებითაა გახშირებული სექსუალური შინაარსის შემცველი შეტყობინებების, ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნაც.
საგულისხმოა, რომ კერძო სექტორში დასაქმებულები სექსუალურ შევიწროებას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ. ამ მოსაზრებას ქალების 90% და კაცების 86% ეთანხმება. 75% ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინება მისი შეჩერების ეფექტიანი ხერხია, თუმცა რეალობაში ეს პრობლემა კვლავაც დაფარული რჩება: დახმარების ფორმალური გზებისთვის სექსუალური შევიწროების მსხვერპლების მხოლოდ 9%-ს მიუმართავს. მიზეზი სამსახურის დაკარგვის შიში, საზოგადოებრივი სტიგმა, მტკიცებულებების ნაკლებობა და სამართლებრივი რეგულაციების შეზღუდულობაა.
კვლევა “სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს კერძო სექტორში” 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მან როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ნაწილი გააერთიანა. იგი ჩატარდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში. პროექტს ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს”, – ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
