გიორგი ბუტიკაშვილი – ადგილობრივი არჩევნები არის არა ბრძოლის ველი, არამედ დანაღმული ველი, სადაც შეხვალ და აფეთქდები! რანაირად შეიძლება გჯეროდეს, რომ „ოცნება“ არჩევნებში თბილისს ან ბათუმს გაგატანს?!

ადგილობრივი თვითმმართველობის არის არა ბრძოლის ველი, არამედ დანაღმული ველი, სადაც შეხვალ და აფეთქდები! ნაივურია დამოკიდებულება, თითქოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნებისთვის“ რამდენიმე ქალაქის წართმევა შეიძლება – როცა “ქართულმა ოცნებამ“ სახე მთლიანად ჩამოიხსნა და გაჩვენებს, რომ დიქტატორია, ამ ფონზე რანაირად შეიძლება გჯეროდეს, რომ ის არჩევნებში თბილისს ან ბათუმს გაგატანს?! – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ბუტიკაშვილის აზრით, “ქართულ ოცნებას“ სურს, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობით ლეგიტიმაცია მოიპოვოს.
როგორც მან ამ კონტექსტში განმარტა, აღნიშნულ არჩევნებში ოპოზიციის შესვლა ივანიშვილისათვის ლეგიტიმაციის და დროის მიცემაა, რათა ცოტა ხნით დასავლეთის სანქციები შეაჩეროს და შემდეგ კი აჩვენოს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში წააგო. ბუტიკაშვილის თქმით, ამის საბოლოო შედეგი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორის და მედია ორგანიზაციების დახურვა და დაჭერა იქნება.
“ბრძოლის ველი ქუჩაში არსებობს. ბრძოლის ველი არსებობს ხალხთან ერთად, რომელიც “ქართულ ოცნებას“ ეწინააღმდეგება და ლეგიტიმაციას არ აძლევს. 200 დღის მანძილზე 60 პოლიტიკური პატიმარი გვყავს. წინასწარ ვიცით, რომ “ქართული ოცნება“ არჩევნებს მოიპარავს. ყველა ახალი რეგულაცია შემოიღო, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების რეგულაციაზე უარესია. “ქართულ ოცნებას“ აქვს წინასწარ გამზადებული სიები, ვის, როგორ გადაანაწილებს რეგიონების მიხედვით. მას სურვილი აქვს ლეგიტიმაცია ამ ფორმით მოიპოვოს. მაგალითად, პარლამენტის კომისიაში გიორგი გახარიას გამოცხადებამ “ქართულ ოცნებას“ მისცა საშუალება ეთქვა, რომ თუ გახარია პარლამენტს არ აღიარებს, რატომ მოვიდა კომისიაზე?! გამოჩნდება “ქართული ოცნების“ პროპაგანდისთვის არგუმენტაცია, რომ თუ ოპოზიცია 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს, თვითმმართველობის არჩევნებში რატომ შემოხვდით, რომელსაც იგივე საარჩევნო ადმინისტრაცია გაუარესებული წესებით ატარებს.
“ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი ფინანსები ორ ქალაქში თბილისსა და ბათუმშია კონცენტრირებული. რატომ ჰქონია თუნდაც “ლელოს“, რომ “ქართული ოცნება“ ამ პროცესების ფონზე – ევროპული გზის სრული ბოიკოტის და რუსული გზის არჩევის ფონზე, თბილისს ან ბათუმს დათმობს?!
ოპოზიცია არჩევნებს იმ შემთხვევაში მოიგებდა, არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში რომ ტარდებოდეს. როცა “ქართულმა ოცნებამ“ სახე მთლიანად ჩამოიხსნა და გაჩვენებს, რომ დიქტატორია, ამ ფონზე, რანაირად შეიძლება გჯეროდეს, რომ თბილისს ან ბათუმს გაგატანს?!“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
აღნიშნულ თემაზე საუბრისას ბუტიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პოზიცია განაპირობებს იმას, რომ დღეს ამ თემაზე “ლელოს“ ბუნდოვანი პოზიციის დაფიქსირება უწევს. მისი თქმით, გახარიამ რომ განაცხადოს, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, “ლელო“ მარტო ვერ დარჩება და ასევე, “ლელომაც“ ღიად და ცხადად რომ თქვა, რომ ის ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, არჩევნებში მონაწილეობას ვერც გიორგი გახარია შეძლებს.
“ოპოზიციის ერთობის დაშლა გიორგი გახარიას პარტიამ დაიწყო, თუნდაც იმით, რომ საარჩევნო სიები არ ჩახსნა და პარლამენტში შესვლის საკითხი ჰაერში დატოვა. მართალია, ისინი ბოიკოტს აცხადებენ, მაგრამ პარლამენტში სიის შემდგომი 12 ადამიანი შევა. გახარია ღიად აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას აპირებს. არც ერთ წერილში, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან ერთობლივად გაიგზავნა, თავად გახარიას ხელმოწერა არა აქვს. მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირების შიშები აქვს, მაგრამ ამავდროულად, “ქართული ოცნების“ პროპაგანდისთვის ისიც “კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. გახარიას პარტიამ ასევე ჩაშალა ს ერთობის პლატფორმა, როცა მან დადებული პირობა დაარღვია. ახლა უკვე არჩევნებთან დაკავშირებულ ერთიანობას არღვევს და პროცესში “ლელოსაც“ ითრევს, როცა ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შედის“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.