თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ტრადიციულად, თბილისელი წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„დედაქალაქის მერია და პირადად მე, ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აღნიშნული მიმართულება კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ, ხელი შევუწყოთ სხვადასხვა პროექტების განხორციელებით, ინფრასტრუქტურის შექმნით და წამახალისებელი ღონისძიებებით. ამ ყველაფერში თქვენი როლი განსაკუთრებულია. მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ასახელებთ ჩვენს ქვეყანას, ხართ სტიმული ჩვენი ახალგაზრდობისთვის, მომავალი თაობებისთვის. ერთად ყველაფერი უნდა შევძლოთ იმისთვის, რომ მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტული ცხოვრებით და ერთად მოვახდინოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა სპორტსმენებს მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა.
„არნახულია ის წარმატება, რომელიც ქართულ სპორტს აქვს ბოლო წლების განმავლობაში. ეს შემთხვევით არ მოდის, ცხადია. რომ არ ყოფილიყო მხარდაჭერა, თანადგომა ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნით, სხვადასხვა პროგრამების განხორციელებით, ვერ იქნებოდა წარმატებაც. მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, გისურვოთ წარმატებები და დარწმუნებულები იყავით, რომ მომდევნო წლების განმავლობაშიც ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიო ასპარეზზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებსა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს თბილისის მერიისგან ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
„193 სპორტსმენი ინდივიდუალურად დაჯილდოვდა შემდეგ სპორტულ სახეობებში: ფარიკაობა, ჭადრაკი, ჭიდაობა, რაგბი, ძალოსნობა, სამბო, კუდო, ათლეტიზმი, სპორტული ცეკვები, კანოე-კაიაკი, სროლა, კარატე, კონტაქტური კარატე, კალათბურთი, მკლავჭიდი/პარამკლავჭიდი, უშუ, ძიუდო, პანკრატიონი, მას-რესლინგი, ბატუტი, ხუთჭიდი, ჯიუ-ჯიცუ, პარაძიუდო, პარატაეკვანდო, პარაწოლჭიმი და უსინათლოთა სამჭიდი, ეტლით ფარიკაობა.
გარდა ამისა, დაჯილდოვდნენ ეროვნულ ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი ფეხბურთის გუნდი „კვარტალი“, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი ფრენბურთის გუნდი „თბილისი“, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ადგილის მფლობელი დარბაზის ჰოკეის გუნდი „ლურჯი ქორები“, ეროვნული ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი ხელბურთის გუნდი „მართვე“.
გაცემული ჯილდოების ჯამური მოცულობა 883 000 ლარია.
ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტის, დედაქალაქის საკრებულოს, სპორტის მიმართულებით მოქმედი სხვადასხვა უწყებისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, ასევე საპატიო სტუმრები“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.