საფრანგეთი თავის მოქალაქეებს საქართველოში შესვლის რისკებზე აფრთხილებს

საქართველოში მოგზაურობაზე თავის მოქალაქეებს საფრანგეთის აფრთხილებს.
დღეს, 29 მაისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში შესვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, პოლონეთმა გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობის ან სოციალურ მედიაში გარკვეული აქტივობების გამო, შესაძლოა, საქართველოში არ შემოუშვან ან/და მაღალი ჯარიმები დააკისრონ. მოგვიანებით სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის განცხადება გააზიარა საფრანგეთის საელჩომ საქართველოში. ინფორმაცია 12 მაისითაა დათარიღებული, თუმცა აქტუალურია 2025 წლის 29 მაისის მდგომარეობით.
„2023 წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული, თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, ყოველდღიურად ტარდება აქციები, ზოგჯერ მასშტაბურიც. ეს გამოსვლები ხშირად იწვევს დაკავებებსა და ძალოვანი სტრუქტურების მიერ მათი დაშლის მცდელობებს, განსაკუთრებით პარლამენტის მახლობლად — თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ამ დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება შეიძლება დასჯადი იყოს მაღალი ჯარიმებით (ერთ ჯარიმა 5 000 ლარი, რაც 1 600 ევროს აღემატება, და ჯარიმები შეიძლება დაგროვდეს ერთზე მეტ შემთხვევაში). საფრანგეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, ვურჩევთ, თავი აარიდონ მასობრივ შეკრებებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთის დიპლომატიური უწყება თავის მოქალაქეებს შეახსენებს, რომ პოლიციის მიერ გაჩერების შემთხვევაში, თითოეულმა პირმა უნდა შეძლოს იდენტობის დადასტურება.
„შესაძლებელია, საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარი ეთქვას იმ პირსაც კი, ვისაც ვალიდური ბინადრობის ნებართვა გააჩნია. მოგზაურებს ვურჩევთ, გამგზავრებამდე წინასწარ გადაამოწმონ, აქვთ თუ არა ისეთი გარემოებები, რაც შეიძლება საქართველოში შესვლის აკრძალვის რისკს ქმნიდეს — მაგალითად, აქციებში მონაწილეობა ან სოციალურ ქსელებში გამოხატული აქტივობა. ქვეყნის ტერიტორიაზე ხელახლა შესვლა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ჯარიმები ადგილზე იქნება გადახდილი“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამ თემაზე: https://netgazeti.ge/life/775469/