გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯერს. თბილისის საქალაქო სასამართლოში 27 მაისს გამოცხადებული განაჩენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პროკურატურის პრესსამსახურმა.
გამოძიების ვერსიით, 2011 წლის მაისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაუპატიურებით დაემუქრნენ.
„სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას აყურებინეს და დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ“, – წერია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქვე აღნიშნულია, რომ დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული წამების არაერთი შემთხვევის გამო.
ალექსანდრე მუხაძე პროკურატურამ პასუხისგებაში 2021 წლის ნოემბერში მისცა. მაშინ საგამოძიებო უწყებაში ამბობდნენ, რომ ის თავს არიდებდა გამოცხადებას, რის გამოც წამებისათვის ბრალდება მას დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 144-ე პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილით. დანაშაულისთვის გათვალისწინებული იყო ცხრიდან 15 წლამდე პატიმრობა.
მის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოებმა კიდევ ორი გამამტყუნებელი განაჩენი მიიღეს. ის დაკავებული არ არის, საქართველოს ძებნილად ჰყავს გამოცხადებული.
ამ საქმის სხვა მონაწილეების (მეგის ქარდავას, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის) მიმართ ცალკე წარმოებაა დაწყებული და საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. მეგის ქარდავა 2021 წლის სექტემბირდან პატიმრობაშია. მის წინააღმდეგ გამოტანილია სულ მცირე ხუთი განაჩენი.
