აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიერ წამოწყებულმა და ევროპელი კოლეგების მიერ Forbidden Stories-ის ხელმძღვანელობით გაგრძელებულმა რეპორტაჟების სერიამ „ბაქოს კვალდაკვალ“ (The Baku Connection) 2025 წლის European Press Prize-ის სპეციალური პრემია მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე პრემია აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ლეილა მუსტაფაევას გადასცეს.
როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, მას შემდეგ, რაც 2023 წლის ნოემბერში Abzas Media-ს ჟურნალისტები დააკავეს, საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელი Forbidden Stories-მა განაცხადა, რომ გააგრძელებდა მათ მიერ დაწყებულ კორუფციულ გამოძიებას აზერბაიჯანის უმაღლეს ხელისუფლებაში.
ინტერნეტგამოცემის Abzas Media-ს ექვსი თანამშრომელი – ულვი ჰასანლი, სევინჯ ვაგიფღიზი, მოჰამმად ქექალოვი, ნარგიზ აბსალამოვა, ჰაფიზ ბაბალი და ელნარა გასიმოვა – დააკავეს ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით, მას შემდეგ რაც რედაქციაში 40 ათასი ევრო “აღმოაჩინეს”. მოგვიანებით დააკავეს ეკონომისტი ფარიდ მეხრალიზადეც. შემდეგ გამოძიებამ მათ ეკონომიკური დანაშაულების კიდევ შვიდი მუხლით წაუყენა ბრალი. ბაქოში 20 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ Abzas Media-ს თანამშრომლებისთვის 11-დან 12 წლამდე პატიმრობა მოითხოვა.
2025 წლის European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონია 28 მაისს იტალიაში გაიმართა. ეს პრესტიჟული პრემია ხუთ კატეგორიაში გაიცემა, ხოლო ყოველწლიურად ორგანიზატორი კომიტეტი განსაკუთრებულ მიღწევებზე სპეციალურ პრემიას ანიჭებს. სწორედ ამ განსაკუთრებული პრიზით დაჯილდოვდა პროექტი „ბაქოს კვალდაკვალ“, რომელიც Abzas Media-მ და Forbidden Stories-მა განახორციელეს.
„ბაქოს კვალდაკვალ“ – ეს არის საგამოძიებო რეპორტაჟების სერია, რომელიც აშუქებს კორუფციას, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ხელისუფლების სხვა ბოროტად გამოყენებებს აზერბაიჯანში. მას შემდეგ, რაც Abzas Media-ს ჟურნალისტები დააპატიმრეს, მათი საქმე 15 ევროპული მედიის 40-მა ჟურნალისტმა განაგრძო Forbidden Stories-ის ხელმძღვანელობით.
გამარჯვებულების წარდგენისას ორგანიზატორებმა 2025 წელი „დამოუკიდებელი მედიისთვის რთულ წლად“ შეაფასეს.
„ჟურნალისტები მთელ ევროპაში აგრძელებენ აზერბაიჯანში კორუფციის გამოძიებას მას შემდეგ, რაც იქ ჟურნალისტები დააპატიმრეს,“ – ნათქვამია European Press Prize-ის ვებსაიტზე.
პრემიის თანხა 10,000 ევროს შეადგენს, რომელიც გამარჯვებულებს საკუთარი ჟურნალისტური პროექტისთვის შეუძლიათ გამოიყენონ.
„დღეს ჩვენი ფიქრები იმ ჟურნალისტებთანაა, რომლებიც კვლავ ციხეში იმყოფებიან. ეს ჯილდო მათ ეძღვნებათ,“ – განაცხადა Forbidden Stories-ის ჟურნალისტურმა ქსელმა სოციალური ქსელი X-ის მეშვეობით.
