პრემიერი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ რუსული დროშის მიმართ განხორციელებულ პერფორმანსსაც შეეხო.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რომელ დროშაზეა საუბარი და ეს მხოლოდ და მხოლოდ უკულტურობაა.
“ჩემთვის საინტერესო არ არის რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს იქ რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს ნამდვილად არ შეესატყვისება ქართულ კულტურას, ეს არის უბრალოდ უკულტურობა”, – თქვა მან.
კითხვაზე, რეალურია თუ არა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის ბრძანება აღნიშნულ პერფორმანსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ, კობახიძემ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს “სერიოზული არ უნდა იყოს.”
არა მგონია ეს სერიოზული იყოს, პირველ რიგში ყველამ თავის კულტურას უნდა მიხედოს.
ერეკლე გეწაძის პერფორმანს მალევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა.
ზახაროვა იმუქრება, რომ რუსული სამართალდამცავი ორგანოები ამ “აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ.”
“დილით არაერთი ზარი გაისმა, რომლითაც კომენტარის გაკეთებას ითხოვდნენ უცნობი ანტიგმირის ხრიკებზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში.
პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რასაც არ უნდა უკეთებდეს მას ფსიქოპატი.
მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ”, – თქვა მან.
