ქართველი ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში გამართულ ყველა საარჩევნო პროცესში მუდმივად მონაწილეობს, ძირითადად ორ ბანაკს ეკუთვნის. თუმცა არსებობს მოქალაქეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთაც 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ ან მიუღიათ, მაგრამ ერთი კონკრეტული პარტიისთვის არ მიუციათ ხმა და ბიულეტენში ყველა სუბიექტს ხაზავდნენ.
ასეთი ამომრჩეველი წლებია იმ მესამე ძალის გამოჩენას ელოდება, რომელიც აქამდე მოქმედი რომელიმე პარტიის სუროგატი, განშტოება არ იქნება და თავისი საქმიანობით რეალურად ეცდება ქვეყანაში გამეფებული ნიჰილიზმის თუ პოლიტიკოსების მიმართ არსებული უნდობლობის დამარცხებას.
2021 წლის შემდეგ ერთ-ერთ ასეთ ძალად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“ მოიაზრება, თუმცა დღემდე ბევრი მაინც სიფრთხილით უყურებს და ბოლომდე არც მას ენდობა.
შეძლებს თუ არა საბოლოოდ ყოფილი პრემიერის პარტია ორ პოლუსს შუა მდგომი ამომრჩევლის გულის მოგებას და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ იმისთვის, რომ მოქალაქეებს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ,,ქართულ ოცნებასთან“ შედარებით საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცონ, ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო ხორგუანი საუბრობს.
– თქვენ პირველი მოწვევის დროს ამ ხელისუფლების მხარდამჭერი იყავით, რა იყო მიზეზი, რამაც ,,ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა დაგაკარგინათ და რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც პარტია ,,გახარია საქართველოსთვის?“
– „ნაცმოძრაობას“ რომ ვებრძოდი, გასაგებია, ძალადობრივი სისტემა, რომელიც ადამიანებს ჩაგრავდა და მას ღირებულად არ მიიჩნევდა, მიუღებელი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს ოპოზიციური კოალიციის საარჩევნო სიაში ბევრი ჩემთვის არასასურველი კანდიდატი იყო, ,,ქართულ ოცნებას“ მივეცი ხმა, სხვა არჩევანი არ მქონდა. მას შემდეგ ,,ოცნებისთვის“ ხმა აღარ მიმიცია, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარკვეულ გადაწყვეტილებებს მხარს ვუჭერდი. თუნდაც იმას, რომ დეკლარირებული იყო, თითქოს ადამიანზე იყვნენ ორიენტირებულები. 2020-ში წავედი და ხმა გიორგი გახარიას პრემიერობას მივეცი, რადგან მაშინ მთავარი დაპირება იყო, რომ 2024-დან ჩვენ გადავიდოდით კოალიციურ მმართველობაზე. 2019 წლიდან ღიად ვსაუბრობდი, რომ ქვეყნის სისტემური განვითარების შესაძლებლობა კოალიციურ მმართველობაში იყო. რატომ გიორგი გახარია, იმიტომ რომ ეს არის ალტერნატივა და არ არის ,,ქართული ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პარტიას მხარს ვუჭერ დღიდან დაარსებისა. დარწმუნებული ვარ და მჯერა, ეს პარტია არის მოქალაქისთვის ალტერნატივა, ხმა მისცეს ისეთ პარტიას, რომელსაც შეუძლია შინაარსით განსხვავებული სახელმწიფოს აშენება და ისეთი ცვლილებების მოტანა, რომელიც ადამიანზე იქნება ორიენტირებული.
ჩვენ გვაქვს უნარი, ჩვენს თავზე ავიღოთ წარმატებაც და შეცდომაც. ამ პარტიას შეუძლია ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა და ისეთი სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება, რომელიც გვჭირდება ჩვენ. ის უნარი გააჩნია, რომ სახელმწიფო მართოს და განსაკუთრებული როლი შეასრულოს ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნაში.
საქართველოში პოლიტიკაში ყოფნა არასოდეს ყოფილა იოლი. პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა, ის პოლიტიკა, რაც სინამდვილეში უნდა იყოს და არა ის, რაც დღეს გვაქვს. ეს პარტია იმიტომ ავირჩიე, მჯერა, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია. ღირებულებების ერთგულება და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია გიორგი გახარიასთვის. როდესაც თანამდებობებზე იყო, ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებებს საკუთარ თავზე იღებდა და არასოდეს გაჰქცევია პასუხისმგებლობას. ის იყო პირველი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გამოძიების პროცესში პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. შეცდომებს უშვებს ის, ვინც რაღაცას აკეთებს, მაგრამ მხოლოდ ლიდერს შეუძლია ამისი აღიარება და შესწევს უნარი, რაღაც გამოასწოროს.
– თქვენ ადრეც აღნიშნეთ, რომ პოლიტიკური ვითარება ჩიხშია შესული და ასეთ დროს ჭკვიანმა ადამიანმა ჩიხიდან გასასვლელი გზა უნდა იპოვოს. როგორია ეს გზა ოპოზიციისთვის და კონკრეტულად თქვენი პარტიისთვის, ,,გახარია საქართველოსთვის“?
– ასეთ დროს, აუცილებელია, სიმართლეს თვალი გაუსწორო, ინფანტილიზმისგან გათავისუფლდე და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი, უნდა აკეთო ის, რისიც გჯერა; დაინახო სიმართლე და მერე მიიღო გადაწყვეტილებები, გულწრფელად და თამამად შეაფასო შენი ძალა, შეცდომები. მთავარია, თქვა სიმართლე, მიიღო სწორი გადაწყვეტილებები და აიღო პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე.
ეს არ არის იოლი გზა. პარტიამ მეტი უნდა ვიმუშაოთ მეტი ხალხთან. სახლიდან-სახლამდე, ბინიდან-ბინამდე, სოფლიდან-სოფლამდე, ქალაქიდან-ქალაქამდე, რეგიონ-რეგიონ. დიდი შრომაა გასაწევი, მოითხოვს რესურსებს, მაგრამ იოლი როგორ შეიძლება იყოს რეჟიმთან ბრძოლა? როდესაც გჯერა იდეის, რომელსაც ემსახურები, აუცილებელია, იბრძოლო ბოლომდე.
– იმის გამო, რომ თქვენ და თქვენი პარტიის წევრები, არათუ დღევანდელ ხელისუფლებას, მის წინამორბედსაც დაუზოგავად აკრიტიკებთ, ხშირად თავადვე ეხვევით კრიტიკის ქარ-ცეცხლში და ,,ქართული ოცნება“ „ნაცებს“ გეძახით, „ნაციონალური მოძრაობა“ კი – „ქოცებს“. როგორ ფიქრობთ, თქვენს მიმართ მათი ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებას, მოქალაქეებს უფრო აბნევს და პარტიას აზარალებს თუ პირიქით, ამომრჩევლის თვალში წონას გმატებთ?
– სასიამოვნო არ არის, როდესაც გლანძღავენ, ათას სიბინძურეს გაბრალებენ და თავის მართლების რეჟიმში გაყენებენ. თუმცა, როდესაც ერთი ჯოხის ეს ორი მხარე გვერჩის, უფრო მეტად მარწმუნებს იმაში, რომ სწორ ადგილას ვდგავარ. მერჩივნა, რომ პარტიებს შორის შინაარსზე იყოს დავა, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემაზე; იმაზე, რომ უფრო მეტი ფული უნდა ჩავდოთ სკოლაში, ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს – უმაღლეს განათლებაში. როგორ მოვახერხოთ თვითმმართველობების გაძლიერება, ცენტრსა და რეგიონებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა. ასეთი ტიპის მსჯელობები მირჩევნია, ვიდრე იმათთვის საკადრისი პასუხის გაცემა, ვინც „ნაცს“ ან „ქოცს“ მეძახის, თუმცა ეს ტრაგედიად მაინც არ მიმაჩნია. ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს. როცა „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრება, ჩვენც გავქრებითო, თავად ამბობს ,,ოცნება.“ როგორც კი გასაჭირში ვარდებიან, სასტუმროდან პირდაპირ ეთერში ერთვება მიხეილ სააკაშვილი და ,,ქართული ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის როლს ირგებს.
– ვთანხმდებით, რომ სამართლიანი სასამართლოს გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება. ასევე ვიცით, რომ არც ის იქნება სწორი ნაბიჯი, ერთ დღეს მიხვიდე და სისტემიდან ყველა გაუშვა, როგორც ეს ნაცმოძრაობის მმართველობის დროს მოხდა. ასევე, ბუნებრივია, უვადოდ არჩეული მოსამართლეები პოსტს ნებით არ დატოვებენ. როგორ შეიძლება ძირეულად რეფორმირდეს სასამართლო ისე, რომ კონსტიტუცია არ დაირღვეს?
– სამართლიანი სასამართლო სამართლიანი სახელმწიფოს ხერხემალია, ვანო მერაბიშვილია სახელმწიფოს ხერხემალიო – სააკაშვილი ამბობდა. სამართლიანი სასამართლო არის ის, რაზეც აშენდება სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლიდან სულ ამ საკითხზე ვსაუბრობ, ეს არასოდეს ყოფილა ის თემა, რომელზეც საზოგადოების ღელვა და პირდაპირი წუხილი ჩანდა. ბოლო პროცესებმა ძალიან ბევრ ადამიანს დაანახა, რა ზიანი შეიძლება მოიტანოს იმან, რაც სჭირს სასამართლოს.
ეკონომიკური კეთილდღეობაც კი სამართლიან სასამართლოზეა დამოკიდებული და დღეს ყველამ დაინახა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლო არ გვაქვს.
რა თქმა უნდა, რეფორმის განხორციელება არ იქნება ერთი დღის ამბავი, მაგრამ რეალური და შესაძლებელია. როგორ უნდა განხორციელდეს ეს რეფორმა, როგორ შეიძლება შევცვალოთ სისტემა უმტკივნეულოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ რა, როგორ უნდა გაკეთდეს, ჩვენ ეს რეკომენდაციები გვაქვს, „ნოუ ჰაუ“ არ არის გამოსაგონებელი. ყოველთვის ყველაზე მთავარი პრობლემა იყო ნება. შევარდნაძისა და სააკაშვილის დროსაც არსებობდნენ მოსამართლეები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ რეჟიმს და ძალიან მძიმე იყო მათი ცხოვრება. სისტემა ისე არის გადასაწყობი, რომ წესიერი ადამიანების შიგნით შესვლა შესაძლებელი გახდეს. თუმცა იმ ადამიანებზე, ვინც დანაშაული ჩაიდინა, კანონი იმუშავებს. გერმანიაში მოხდა ასე, როცა მოსამართლეების ნაწილს შესთავაზეს, პენსიას დაგინიშნავთ და სისტემა დატოვეთო. სისტემის გაჯანსაღება აუცილებელია, მთავარია იყოს ნება.
ხშირად ამბობენ, გიორგი გახარია ხომ იყო ხელისუფლებაში, რატომ ვერაფერი გააკეთაო. გიორგი გახარია ყველას გასაკეთებელს ვერ გააკეთებდა, რადგან ის პრემიერი იყო და მარტო აღმასრულებელი ხელისუფლება ვერაფერს იზამს. საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ეს ყოველივე შესაძლებელია პარლამენტში კოალიციური მმართველობის პერიოდში. თუ ძალაუფლება მხოლოდ ერთი ძალის ხელში არ იქნება, მაშინ ყველა პარტიას ექნება ინტერესი, გამჭვირვალე სასამართლო გვქონდეს, რომელიც ყველას მიმართ თანაბრად სამართლიანი მსაჯული იქნება და ერთ ძალას არ დაექვემდებარება.
– ხელისუფლება მოსახლეობას აშინებს პროპაგანდით, რომ კოალიციური მმართველობის პირობებში ძალაუფლებას ხელში „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაიგდებს. დღეისთვის მოქმედი პარტიების პირობებში, რამდენად რეალურია კოალიციური მთავრობის არსებობა. შესაძლებელია თუ არა, „ოცნება“ გაურიგდეს „ნაციონალური მოძრაობას“ და მივიღოთ უარესი მონსტრი ან მიშას და გვარამიას გუნდი ისევ შეერთდეს, რაც 2012 წლამდელი პერიოდის ან კიდევ უარესის მომასწავებელი იქნება?
– ამ საფრთხეს ცეცხლზე ნავთს ასხამს ,,ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. ისინი სწორედ ამის საშუალებით ტივტივებენ პოლიტიკურ ველზე და ინარჩუნებენ ძალაუფლებას. ამიტომაც ვამბობდით არჩევნების წინ, რომ მათ იმდენი პროცენტი არ უნდა აეღოთ, კოალიციური მთავრობის შესაქმნელად ჰყოფნოდათ. დღევანდელი რთული ვითარებიდან სწორი გამოსავალი ისაა, რომ მოსახლეობას ავუხსნათ ამის შესახებ; უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ის მესამე ძალა, რომელიც ამ ორ ძალას დააბალანსებს. ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზეც, რომ ომი არ იქნება, ამ თემაზე ყველას ვესაუბრებოდით და არ გვეშინოდა, დანარჩენ პარტიებს კი ტაბუ ჰქონდათ დადებული ამ საკითხზე. ვერ გადავფარეთ პროპაგანდა, უფრო მეტია სამუშაო. ძველი ქართული ანდაზების მჯერა, წვეთი ქვას ხვრეტს და ზღვა კოვზითაც დაილევაო. ამიტომ არის საჭირო თანმიმდევრული მუშაობა და მოქალაქეებამდე საკუთარი ხმის უფრო მკაფიოდ მიტანა; ამიტომ გვიზღუდავს ამ ქმედებას ხელისუფლებაც. ჩვენ უფრო მეტად უნდა დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ჩვენი მიზანი განსხვავებულია და ამ საქმისთვის თავდადებულები ვართ; უკან არ დავიხევთ და ბრძოლას გავაგრძელებთ, სულ რომ მარტო დავრჩეთ. ყველა ყველასთან რომ გარიგდეს, ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ იმ იდეისთვის, რის გამოც, ვართ პოლიტიკაში. ეს არის ქართული ეროვნული, ევროპული და სამართლიანი სახელმწიფო.
– პროტესტების მოწინავე ძალა მუდმივად არის სტუდენტობა, თუმცა არჩევნებზე მისული ახალგაზრდობის პროცენტული მაჩვენებელი გვიდასტურებს, რომ პროტესტი პროტესტად რჩება და მათი დიდი ნაწილი პოლიტიკაში შინაარსობრივად ჩართვისგან თავს იკავებს. რას გააკეთებთ პირადად თქვენ და თქვენი პარტია, რომ ახალგაზრდებისთვის პოლიტიკა არ იყოს ,,ბინძური საქმე“ და გახდეს მიმზიდველი საქმიანობა?
– ვფიქრობ, დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა არის კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობა. ადამიანისა და სამშობლოს სიყვარული გაქრა პოლიტიკად. როდესაც პოლიტიკა გულწრფელი, კეთილსინდისიერი და პატიოსანი არ არის, იქ არ არის ახალგაზრდობა. ამ საქმეს მხოლოდ ლამაზი საუბარი რომ შველოდეს, შეარჩევდი სიმპათიურ მსახიობს, დაუწერდი ლამაზ სიტყვას და ყველაფერი იდეალურად გამოჩნდებოდა. პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, შენი ცხოვრებით აჩვენო შენი სახე; გაგიცნონ შენი ცხოვრების წესით, შენი საქმეებით, როგორ მოქმედებ, როგორ გადაწყვეტილებებს იღებ ან რამდენად პასუხისმგებლიანი ხარ.
როგორ შეიძლება პოლიტიკა გავხადოთ უფრო გულწრფელი და კეთილსინდისიერი? გულწრფელი ადამიანები უნდა ჩართო პოლიტიკაში, ამის შემდეგ მოვა შენთან ახალგაზრდა. დღეს შეიძლება იმიტომ მოვიდეს ვინმე შენთან, რომ მიაჩნდეს, პოლიტიკა არის ბინძური საქმე, სადაც იოლად იშოვება ფული, იფიქროს, მოვიწყობ ცხოვრებას და წავალ. სწორედ აქ გვაქვს ყველაზე მეტი სამუშაო. ჩვენი საქმიანობით და მოქმედებით უფრო მეტი ადამიანი უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ პოლიტიკაში არა გასამდიდრებლად, არამედ კარგი საქმის საკეთებლად მოვდივართ და ჩვენი თავდადებით ხალხს და საკუთარ ქვეყანას უნდა ვემსახუროთ.
ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ შენთვის ძვირფასია საქმე, რომელსაც აკეთებ და ეს საქმე უნდა იყოს ხალხის მსახურება, ეს არის ნამდვილი პოლიტიკა. დღეს მხოლოდ მომხვეჭელობას ვუყურებთ. ილიას სიტყვებია, სამშობლოს მსახურება არის მსხვერპლი და არა სეირი. როდესაც გადაწყვეტ პოლიტიკაში ყოფნას, რაც არ უნდა კეთილსინდისიერი გარემო იყოს, შენ მსხვერპლის გაღება გიწევს, რადგან საკუთარი ნებით იზღუდავ თავისუფლებას და იღებ უფრო მეტ პასუხისმგებლობას. მიყვარს ნამდვილი პოლიტიკა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არის სფერო, სადაც შეგიძლია შენი გადაწყვეტილებით ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალო უკეთესობისკენ. მეორე, რაც მიყვარს, პოლიტიკა გაძლევს შესაძლებლობას, როგორც მისიონერმა, იარო კარდაკარ და ისეთ ადამიანებს შეხვდე, გაიცნო, რომელსაც სხვა დროს ვერასოდეს შეხვდებოდი. კი ტვირთია, მაგრამ ეს არის, რაც მიყვარს პოლიტიკაში. თუ ასეთი გახდება პოლიტიკა, ახალგაზრდები თავისით მოვლენ და ეს არის ჯანსაღი პროცესი, ვიდრე ბანაკების შექმნა და მოტყუება. შენ თავად უნდა იქცე მათთვის მისაბაძად.
მაგალითად მოვიყვან ჩვენს ფეხბურთელებს. როცა ხედავ, როგორ გაიკვალეს გზა კვარაცხელიამ, მამარდაშვილმა, ქოჩორაშვილმა და მიაღწიეს მწვერვალებს, შენც გინდა მათსავით მოინდომო, იშრომო და მოხვდე იქ, იმ სიმაღლეებზე. ამიტომ პოლიტიკა უნდა იყოს კეთილსინდისიერი, გულწრფელი და წესიერი ადამიანების თავშეყრის ადგილი, რათა ახალ თაობებსაც მოუნდეთ იქ ყოფნა.
