ტრამპმა ევროპულ საქონელზე 50%-იანი ტარიფების შემოღება 9 ივლისამდე გადადო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის დროს დათანხმდა ევროკავშირს ტარიფებზე შეთანხმების მისაღწევად ვადა 9 ივლისამდე მისცეს.
„მან თქვა, რომ სერიოზული მოლაპარაკებების დაწყება სურდა (…). 9 ივლისი არის დღე, რომელიც მან მოითხოვა. (…) მე დავთანხმდი ამის გაკეთებას“, – ციტირებს CNN ტრამპის სიტყვებს ჟურნალისტებთან.
მანამდე ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მას ტრამპთან „კარგი საუბარი“ გამართა. მისი თქმით, ევროკავშირს აშშ-სთან „კარგი შეთანხმების“ მისაღწევად 9 ივლისამდე დრო დასჭირდება.
