რუსებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, კიევსა და ხმელნიცკში ოთხ-ოთხი ადამიანი დაიღუპა, მიკოლაივში – ერთი, ჟიტომირში სამი ბავშვი, დაშავდა ათობით ადამიანი
რუსეთმა 25 მაისის ღამეს უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა, დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი შენობების ნგრევა და დაზიანება ოლქის ხუთ რაიონში დაფიქსირდა.
ამასთან, ხმელნიცკის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა. მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი და სოციალური ინფრასტრუქტურა.
მასშტაბური თავდასხმის შედეგად ჟიტომირის ოლქში 3 ბავშვი დაიღუპა და კიდევ 12 ადამიანი დაშავდა.
რუსების დრონი მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას დაეჯახა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. შენობის ორი სართული მთლიანად განადგურდა, სამი კი – დაზიანდა.
რუსებმა რაკეტების, „კამიკაძე“ დრონების, საჰაერო ბომბებისა და არტილერიის გამოყენებით შეტევა განახორციელეს დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. დაზიანდა სამრეწველო ობიექტები, საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა.
ამასთან, რუსებმა სუმის ოლქში თავდასხმების სერია განახორციელეს. მათ ოლქს შეუტიეს როგორც „კამიკაძე“ დრონების, ასევე რაკეტების გამოყენებით. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
